ეროვნული ბანკი ყველა ზომას მიიღებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფასების ზრდა მაღალი არ იყოს, მაგრამ თუ გადავხედავთ მეზობელ ქვეყნებსაც, თითქმის ყველა ქვეყანაში შეინიშნება ფასების ზრდა , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც ლარის კურსზე და ინფლაციაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
„კურსთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია და კურსთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.
რაც შეეხება ინფლაციას, მოგეხსენებათ, არამარტო ჩვენ, არამედ მთლიანად მსოფლიო კოვიდპანდემიის გავლენის ქვეშ ვიმყოფებით და ძალიან დიდია ამ შემთხვევაში გაურკვევლობის ფაქტორი. ძალიან ხშირად იცვლება სიტუაცია. დღეს, რაც მოქმედებს საქართველოში ლარის გაცვლით კურსზე, ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომელიც დავკარგეთ ტურიზმის შემოსავლებიდან. ამავე დროს, არ დაგავვიწყდეს, რომ ჩვენ 2019 წელსაც გვქონდა შოკი. მხოლოდ საქართველოს ჰქონდა ეს შოკი ფრენების აკრძალვის გამო და ამან გაცვლით კურსზე იმოქმედა და შემდეგ ინფლაციაზე აისახა. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორში მოხდა ძალიან დიდი გაუფასურება, რაც ასევე გავლენას ახდენს კურსთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკი ყველა ზომას მიიღებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფასების ზრდა მაღალი არ იყოს, მაგრამ თუ გადავხედავთ მეზობელ ქვეყნებსაც, თითქმის ყველა ქვეყანაში შეინიშნება ფასების ზრდა და ეს ბუნებრივი გაგრძელებაა იმის, რომ ქვეყნებში არის შეზღუდვები და დამატებითი ხარჯების გადაცემა ხდება ზუსტად ფასებში. ამავე დროს, საქარველოში ჯერ კიდევ არის მაღალი დოლარიზაცია და აქედან გამომდინარე, კურსის გაუფასურების გამო, ეს ხარჯები უკვე ფასებშია გადაცემული“, - განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ლარიზაციის პოლიტიკა ყოველთვის იმ გარემოებებიდან გამომდინარე ხორციელდებოდა, რაც ქვეყანაში იყო.
„საუბარი იმაზე, რომ ლარიზაციის პოლიტიკა ჩქარი ან ნელია, სწორი არ არის. ეს ყოველთვის გამოზომილი და იმ სიტუაციასთან შესაბამისი იყო, რაც ქვეყანაში გვქონდა. ლარიზაციის პოლიტიკის არანაირი ალტერნატივა არ გვაქვს, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ყოველთვის დამოკიდებული არ ვიყოთ ლარის კურსზე“,-განაცხადა გვენეტაძემ.