იტალიაში ტურისტული სეზონი 2 ივნისიდან გაიხსნება

იტალიის ტურიზმის მინისტრი მასიმო გარავალა აცხადებს, რომ ტურისტული სეზონი 2 ივნისიდან გაიხსნება. ეს დღე იტალიაში რესპუბლიკის დღედ აღინიშნება. მინისტრის თქმით, „ტურიზმის რესტარტი“ კიდევ უფრო რომ გადაწიონ, ტურისტების მიზიდვის კონკურენციაში სხვა ქვეყნებთან წააგებენ. ის დარწმუნებულია, რომ ტუროპერატორებს და ბიზნესმენებს საკმარისი მოსამზადებელი დრო ექნებათ სეზონის გახსნისთვის, რომლის დროსაც ეპიდუსაფრთხოების ყველანაირი პროტოკოლი დაცული იქნება.

იტალიის მთავრობა უცხოელი სტუმრების მისაღებად ჯერჯერობით მხოლოდ ორ მთავარ პირობას ასახელებს: ტურისტი ვაქცინირებული უნდა იყოს, ანდა COVID-19-ის ტესტზე უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, დაგეგმილია პოპულარულ ტურისტულ ადგილებზე მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაცია.

იტალიაში 30 აპრილამდე მოქალაქეთა საზღვარგარეთ გამგზავრებაზე შეზღუდვა მოქმედებს. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსულ პირებს 5-დღიანი კარანტინი და PCR-ტესტირება ელოდებათ, ხოლო ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების უმრავლესობიდან ჩამოსული სტუმრებისთვის 14-დღიანი იზოლაცია და კოვიდანალიზის პირობაა დაწესებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ