Boeing-ის 737 Max-ს კიდევ ერთი ხარვეზი დაუდგინდა

CNN-ის ცნობით, ავიაკომპანია Boeing-მა თვითმფრინავ 737 Max-ის კიდევ ერთი ხარვეზის შესახებ განცხადება გაავრცელა. ამჯერად ხარვეზი ელექტრონული სისტემის გაუმართაობას ეხება. Boeing თავის 16 კლიენტს რეკომენდაციას აძლევს, 737 Max ჯგუფის თვითმფრინავებში შემდგომი საჰაერო ოპერაციების წინ ელექტროენერგიის პრობლემა აუცილებლად მოაგვარონ.

„ავიაკომპანიებმა აუცილებლად უნდა გადაამოწმონ, რომ თვითმფრინავის ელექტროენერგიის სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი საკმარისად არის დამიწებული,“ - ნათქვამია Boeing-ის განცხადებაში. კომპანია აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სამმართველოსთან ერთად ამ პრობლემის მოგვარებაზე უკვე მუშაობს.

კომპანიამ 2019 წლის მარტიდან 2020 წლის ნოემბრამდე, 20 თვით მთელ მსოფლიოში ყველა თვითმფრინავი გააჩერა, რასაც წინ უძღოდა 2 კატასტროფა 346 ადამიანის მსხვერპლით. მართალია, Boeing-მა კატასტროფის გამომწვევ უსაფრთხოების სისტემაში ხარვეზი გამოასწორა, რაც ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამაც აღიარა, ზოგ ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, 737 Max-ით ფრენები მაინც აკრძალულია. ამ ხარვეზის გამოსწორება Boeing-ს 20 მლრდ დოლარი დაუჯდა.

თავის განცხადებაში Boeing არ აკონკრეტებს, თუ რომელ 16 ავიაკოპანიას აფრთხილებს ახალი ხარვეზის შესახებ და 737 Max-ის რამდენ ერთეულ თვითმფირნავს ეხება ეს პრობლემა. უსაფრთხოების ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ელექტროენერგიის სისტემის ამ ხარვეზმა თვითმფრინავში შესაძლოა, ხანძარი გამოიწვიოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ