ეკონომიკის სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ 2014 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა

ეკონომიკის სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ 2014 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, მაუწყებლობის ახალ ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

"ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულზე გადასვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა არის დიდი სარგებელი, რომელიც იქმნება როგორც მედიისათვის, ასევე მომხმარებლებისთვის. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გაცილებით მეტი უფასო და ხარისხიანი არხი მიიღოს, ვიდრე აქამდე. სახელმწიფოს მხრიდან განსახორციელებელი შესყიდვების ნაწილი დასრულებულია, შესაბამისად, ახლა მიმდინარეობს იმპლემენტაციის ნაწილი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

2015 წლიდან საქართველო მაუწყებლობის ახალ ფორმატზე გადადის. არსებულ ანალოგურ მიწისზედა მაუწყებლობას ციფრული ჩაანაცვლებს. პროექტის განხორციელება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს. საქართველოში ანალოგური ტელემაუწყებლობის გათიშვის თარიღად 2015 წლის 17 ივლისი განისაზღვრა. ამ დღიდან ღია საეთერო სატელევიზიო პროგრამები მხოლოდ ციფრული მიწისზედა სიგნალის მეშვეობით გადაიცემა.