რესურსი რომ არსებობდეს, უკვე დაგვკეტავდნენ… მეტი ვალის აღების შესაძლებლობაც კი არ გვაქვს - რესტორატორთა ასოციაცია

,,წარმოდგენაც კი უბრალოდ შეუძლებელია, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ ჩაიკეტოს. ამას ვერ გადაიტანს ეკონომიკა. მეტი ვალის აღების შესაძლებლობაც კი არ გვაქვს“ -ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზდენტმა მოსალოდნელი მესამე ტალღის შეფასებისას განაცხადა.

შოთა ბურჯანაძის თქმით, ახლა ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა და ის, რომ ეს ვერ ხორციელდება, სრულად ეპიდემიოლოგიური გუნდის პასუხისმგებლობაა.

,,ადრეც ვთქვი, რომ ქართული მოვლენაა დემაგოგია, სოფიზმი და უპასუხისმგებლობა. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ იღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ რაში გამოიხატება ეს? ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილება ქაოტურად, ლოგიკის გარეშე მიიღება. მექანიზმი ხომ არსებობს, რომელიც იქნება რეალური. ძალიან მარტივი მაგალითი - მელიქიშვილის გამზირზე არის ერთი კლუბი, რომელიც რამდენჯერმე დაჯარიმდა ერთ ლოკაციაზე, მაგრამ დამჯარიმებელს ყოველ მისვლაზე სხვადასხვა შპს ხვდებოდა. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ დაკეტვებით და გახსნებით არ არის გამოსავალი.

წარმოდგენაც კი უბრალოდ შეუძლებელია, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ ჩაიკეტოს. ამას ვერ გადაიტანს ეკონომიკა. მეტი ვალის აღების შესაძლებლობაც კი არ გვაქვს. გამყრელიძეს და მის ამფსონებს ჰგონით, რომ ჩაკეტვაა გამოსავალი. რესურსი რომ არსებობდეს, უკვე დაგვკეტავდნენ. დღეს, სამწუხაროდ ამ ვირუსს მართავენ საბჭოთა ცნობიერების ადამიანები. კითხვა მაქვს, რატომ არ ცხადდება დღეს საყოველთაო ვაქცინაცია? იმიტომ, რომ არ გვაქვს ვაქცინები. როცა ეს ვერ უზრუნველყვეს, ხომ შეიძლება დაიხურონ ქუდი და წავიდნენ სახლში. ფაქტია, ვერ მართავენ სიტუაციას, დააქციეს ეკონომიკა და ხელიდან გაექცათ ეპიდ-გავრცელება. ახლა ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა, თუმცა ეს ვერ ხდება“,- განაცხადა ბურჯანაძემ ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი