ფედერიკა მოგერინი თურქეთს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭიროს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი თურქეთს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭიროს.

"ბიბისის" ცნობით, ფედერიკა მოგერინი თურქეთს ასევე მოუწოდებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მჭიდრო თანამშრომლობისკენ. "ეს ვიზიტი მიუთითებს ევროკავშირი-თურქეთის ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე", - აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.

ევროპელი პოლიტიკოსების დელეგაცია ფედერიკა მოგერინის ხელმძღვანელობით, თურქეთში 8 დეკემბერს ჩავა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.