„დღეს აუცილებელია ბიზნესთან ძალიან ახლო კომუნიკაცია,”-ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„10 წლიან გეგმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ვისაუბროთ შემდეგი 10 დღის, 10 თვის გეგმაზე. ასეთ გაურკვევლობაში რაიმეს მაგვადიანი პროგნოზირება შეუძლებელია. პრემიერს ვურჩევ, რომ თუ რომელიმე ეკონომისტი ჰპირდება, რომ 10 წლიან გეგმას დაუდებს, უბრალოდ ატყუებენ. ვინ მეტყვის ახლა 2027 წლის ბოლოს რა იქნება, თუნდაც ეროვნული ვალუტის კურსი, ინვესტიცია ან ა.შ. ეს არის შეუძლებელი. ამიტომ აქცენტი უნდა გავაკეთოთ დღევანდელ პრობლემატიკაზე, მოკლევადიან ჭრილში გადაწყვეტილებების მიღებაზე და ამისთვის აუცილებელია, იმ პროფესიონალებთან, დარგის ექსპერტებთან, დარგობრივ ასოციაციებთან შეხვედრა, რომლებიც უკვე 1 წელია პანდემიას ებრძვიან, 1 წელია უმკლავდებიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისს და ზუსტად იციან, რა არის იმისთვის საჭირო, რომ ფუნქციონირება დაიწყოს ბიზნესმა, რომელიც არის შემოსავლის წყარო. ამ ტიპის კონკრეტულ შეხვედრებზე ჯერჯერობით არაფერი გაგვიგონია და ესეც იქნება ერთ-ერთი მიმართვა პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ,“-განაცხადა ყარალაშვილმა.
მისივე თქმით, ბიზნესასოციაციები მუშაობენ და უახლოეს დღეებში პრემიერ ირაკლის ღარიბაშვილის მიმართ ოფიციალურ მიმართვას/განცხადებას გაავრცელებენ მთელ ამ პროცესებთან დაკავშირებით. ყარალაშვილის თქმით, ტექსტი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუმცა, ის ბმაში იქნება საჭირბოროტო საკითხებთან - ტურისტული სექტორის აღდგენასთან, კომენდანტის საათთან, საშეღავათო პაკეტებთან.