საქართველოში ყავა 10%-ით გაძვირდა - როგორ აისახა პანდემია  რეალიზაციაზე

ადგილობრივ ბაზარზე ყავა საშუალოდ, 10%-ით გაძვირდა.

როგორც საქართველოს ყავის კომპანიის ხელმძღვანელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, გლობალურ ბაზარზე მიმდინარე პროცესები, კერძოდ, ფასების მატება ადგილობრივზე შესაბამისად ისახება. ამასთან, რამაზ ციხელაშვილის ინფორმაციით, საქართველოში ყავის რეალიზაციამ იკლო, რის გამოც, პროდუქტის იმპორტი შემცირდა.

ცნობისთვის, როგორც უცხოეთის მედია წერს, მსოფლიოს ყავის დეფიციტი ემუქრება. საკონსულტაციო ჯგუფ Marex Spectron-ის მარტის პროგნოზით, 2021-2022 წლებში ყავის გლობალური დეფიციტი 10,7 მლნ ტომარამდე გაიზრდება, შარშან დეფიციტი 8 მლნ ტომარა იყო. ამასთან, Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ყავის მიწოდება მცირდება, საბითუმო ფასები კი იზრდება. ბრაზილიის რეკოდრული მოსავლის პირობებშიც კი ყავის მარაგი ექვსწლიან მინიმუმამდეა დასული.

Goldman Sachs Group-ის შეფასებით, თუკი უახლოეს წლებში ცენტრალურ ამერიკაში წარმოება არ გამოკეთდება, მოთხოვნის ზრდის პარალელურად ყავის ბაზარზე სტრუქტურული დეფიციტი გაჩნდება.

რაც შეეხება საქართველოს, წელს ქვეყანაში ყავის იმპორტი 17,2%-ით შემცირდა. თუ 2020 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ უცხოეთში 1 003.9 ტონა ყავა იყიდა (2,536 მლნ დოლარი) წელს 2 თვეში 830.7 ტონა (2,047 მლნ დოლარი) შემოვიდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ყავის იმპორტი 19 ქვეყნიდან განხორციელდა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი - 59,6% ინდონეზიაზე მოდის. ტოპ-ხუთეულშია ვიეტნამი, რუსეთი, საფრანგეთი და იტალია.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ადგილობრივ ბაზარზე ყავის კიდევ უფრო გაძვირდება, რამაზ ციხელაშვილი ამბობს, რომ ეს რთულად პროგნოზირებადია. თუმცა, ფაქტი ერთია, პროდუქტის იმპორტი სულ უფრო ძვირი ჯდება.

„ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ყავის იმპორტი 15%-მდე შემცირდა. ამის უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ აქ რეალიზაცია შემცირდა. გარდა ამისა, გლობალურ ბაზარზე პროდუქტი საკმაოდ გაძვირდა, ასევე მოიმატა ტრანსპორტირების ხარჯებმა, მათ შორის გაიზარდა „შიპინგის“ ფასი - მაგალითად, ადრე კონტეინერში 1500-1600 დოლარი იყო გადასახდელი, ახლა 2300 დოლარზე ნაკლები არ არის.

გაიზრდება თუ არა კიდევ უფრო ყავის ფასი, ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა ამ დროისთვის უკვე დაახლოებით, 10%-ით არის გაძვირებული“, - ამბობს რამაზ ციხელაშვილი.

ნინი ქეთელაური