მსხვილმა ექსპორტიორებმა რუსული ხორბლის შეძენა შეწყვიტეს.
გაზეთი Коммерсантъ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში ზოგიერთმა მსხვილმა ექსპორტიორმა ხორბლის შესყიდვა შეაჩერა. ბაზრიდან გავიდნენ ისეთი ექსპორტიორები, როგორიცაა Louis Dreyfus, KZP, Bunge და Sierentz Global Merchants. გაზეთის მეორე წყაროს ცნობით, ბაზრიდან გადის, აგრეთვე, კომპანია Cargill და Gemcorp. კომპანიებში კომენტარს, ჯერჯერობით, არავინ აკეთებს, მაგრამ გაზეთის ცნობით, მთავარი მიზეზი ისაა, რომ კომპანიები მარცვლეულის ექსპორტის გადასახადთან დაკავშირებული რისკებისგან თავს იკავებენ. ამჟამად ტონა ხორბალზე საექსპორტო გადასახადი 59 დოლარს შეადგენს, რაც კომპანიებისთვის საკმაოდ მაღალია. ხორბლის შესყიდვას მხოლოდ მარცვლეულის გაერთიანებული კომპანია (ОЗК) და ბაზრის ზოგიერთი მოთამაშე განაგრძობს, რომლებთაც ხელშეკრულებები მაღალ ფასებზე აქვთ გაფორმებული.
მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ედუარდ ზერნინი აცხადებს, რომ მწარმოებლები და გადამყიდველები გადასახადის გაუქმებას ელოდებიან და არ არიან მზად, ის ფასში გაითვალისწინონ. აგრარული ბაზრის ანალიტიკური ცენტრ Совэкон-ის დირექტორი ანდრეი სიზოვი ამტკიცებს, რომ 2 ივნისიდან გადასახადის გამოანგარიშების ახალი მექანიზმი ამუშავდება და ტონაზე 230-დოლარიანი ფასის ხორბალზე გადასახადი 21 დოლარით შემცირდება, რაც ექსპორტიორებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება. მათ მიერ ხორბლის შეძენის განახლებასაც 2 ივნისდან ელოდებიან.
გასულ კვირას 12,5%-იანი ცილის შემცველ რუსულ ხორბალზე საშუალო ფასი 4 დოლარით შემცირდა და ტონაზე 244 დოლარი შეადგინა.
საბაჟო მონაცემებით, სეზონის დასაწყისიდან 8 აპრილამდე რუსეთმა 32,4 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით, 17%-ით მეტია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ