როდიდან დაიწყებს „ეარ ჯორჯია“ თბილისიდან ტრანსკონტინენტალურ ფრენებს - თარიღი ცნობილია

თბილისის აეროპორტიდან ტრანსკონტინენტალური რეისების დაწყების თარიღი ცნობილია.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ავიაკომპანია „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა, ფრენები ზაფხულიდან, კერძოდ, ივლისიდან განხორციელდება. მისივე თქმით, თუ ეპიდ- სიტუაციამ ხელი არ შეუშალათ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება კანადის, ტაილანდის, ჩინეთის მიმართულებით.

"თბილისიდან ტრანსკონტინენტალური რეისები ზაფხულიდან შესრულდება. ამ კუთხით ვთანამშრომლობ ,,ტავ ჯორჯიასთან“, რომელიც თბილისის აეროპორტის მმართველო კომპანიაა. მემორანდუმი უკვე გავაფორმეთ. სწორედ ის არის ჩემი კონტრაქტორი კომპანია. არის მზაობა ჩვენი მხრიდანაც, რომ ავწიოთ ის მაღალი ტარიფებიც, რასაც კომპანია გვთავაზობს, სწორედ ე.წ ლაქშერი სერვისს წარმოადგენს ,,ეარ ჯორჯია“ თბილისიდან ამ ყველაფრის გათვალისწინებით. ტარიფში შევა კვება, მომსახურება და შესაბამისი სერვისები.

თბილისი -ტორონტო, თბილისი - ჰონკონგი, თბილისი-ბანგკოკი და ასეთ შორ რეისებზე ვიფრენთ, ჩვენი გეგმა ასეთია, ივლისიდან ვგეგმავთ ამ რეისების დაწყებას ეპიდ სიტუაციის კუთხით კიდევ რამე თუ არ გაფუჭდა მნიშვნელოვნად. ამისთვის თვითმფრინავები უკვე მზადაა. ჩვენ ვგეგმავთ ტრანზიტული ზონის გამოყენებას და ჰონგ-კონგიდან მგზავრებს შეეძლებათ კიევში გადაფრენა. ტურისტული შეკვეთა არის შრი-ლანკაზეც. რეისების ნაწილი იქნება ჩარტერები, ნაწილი კი რეგულარული რეისები“, - განაცხადა ,,ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა.

კოდუა იმედოვნებს, რომ საქართველო რამდენიმე მიმართულებით მაინც აითვისებს სატრანზიტო ფუნქციას.

,,ჩვენ ვმუშაობთ ლოს-ანჯელესზეც. აქ უფრო რთულია ფრენის დაწყება და მაისში მეცოდინება, გადაწყდება თუ არა. თუ ეს საკითხი დადებითად გადაწყდა, ესეც იქნება ტრანზიტული, რადგან იქ ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის დიდი წილია. რეისი იქნება ლოს-ანჯელესი -თბილისი- ერევანი. ჩვენ დავაკმაყოფილებთ სომეხი ემიგრანტების მოთხოვნას და ვეცდებით გარკვეულწილად ჩვენი წილი შევიტანოთ ჰაბის შექმნის დაწყებაში. საქართველო ძალიან პატარა ბაზარია, რომელიც ვერანაირად ვერ აითვისებს რეგიონში არსებულ მოთხოვნასაც კი. ამიტომ მთლიანად უნდა გადავეწყოთ. ამ მოდელის საჩვენებელი რეისები იქნება ის, რასაც ვგეგმავ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წარმატებული გამოცდილება იქნება, ქართული ჰაბის შესაქმნელად“- ამბობს კოდუა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებლის კიდევ ერთი პროექტი, ქუთაისის აეროპორტიდან დაბალბიუჯეტური რეისების დაწყებაა. აღნიშნულ საკითხზე კომპანია მოლაპარაკებებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან აწარმოებს.

თამარ მუკბანიანი