ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროცესისა და ვაქცინირებული მოქალაქეების წასახალისებლად გარკვეული ტიპის მექანიზმების ასამოქმედებლად, მათ შორის, ობიექტებისთვის უსაფრთხო ნიშნის მისანიჭებლად, გარკვეული დრო და მეტი ვაქცინირებული ადამიანია საჭირო.
ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„წვეულებები და დღესასწაულები არის ეპიდემიის მთავარი მკვებავი. რაც შეეხება ვაქცინაციის წახალისებას, ეს არის კარგი გამოცდილება. მსოფლიოში არსებობს ასეთი გამოცდილება, როცა წახალისებულია ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობაც და ასევე, ის დაწესებულებები, სადაც არის უსაფრთხო გარემო. ჩვენ გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ცოტა მეტი ვაქცინირებული ადამიანი გაჩნდეს და ასევე, ვაქცინების მოწოდების პროცესიც გაფართოვდეს, რომ ასეთი ტიპის მექანიზმები ავამოქმედოთ. ვფიქრობ, მალე გვექნება ამის შესაძლებლობა“, - განაცხადა გაბუნიამ.