დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საგანგაშო და საყურადღებოა.
ამასთან, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ განაცხადა, ეპიდსიტუაცია უარესდება და ჯანდაცვის სექტორზე სერიოზული ზეწოლაა.
„დღეს ნახტომი გვაქვს - იანვრის შემდეგ ერთი დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი შემთხვევა არ გვქონია. შესაძლებელია ეს დაკავშირებულია იმასთან, რასაც ჩვენ „ორშაბათის სინდრომს“ ვეძახით, რადგან სამშაბათს დილით ხდება შაბათ-კვირის გარკვეული რაოდენობების რეპორტინგი და ორშაბათის 24 საათის, მაგრამ ეს მაინც საყურადღებოა და პირდაპირ გეტყვთ, საგანგაშო.
გუშინდელი დღის დადებითობის მაჩვენებელი ავიდა 3.66%-ზე. გვაქვს გარკვეული ზღვარი 4% და როდესაც ამის ქვემოთ სცილდება მაჩვენებელი და ეს ნარჩუნდება 1-2 კვირის განმავლობაში, ვსაუბრობთ ხოლმე შემსუბუქებაზე. ახლა არ ვართ 4%-ზე, მაგრამ რადგან ერთი დღე მიუახლოვდა 3.66%-ს, ეს ძალიან საყურადღებოა. ასევე ბოლო 30 დღის დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 2.1%; ბოლო 14 დღის - 2.46% და ბოლო 7 დღის - 2.58%. ამიტომ თანდათან ეპიდსიტუაცია უარესდება, ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე სერიოზულია, იმიტომ, რომ აქტიური შემთხვევა თითქმის 8 ათასია, აქედან კი კლინიკებში 2485-ია.
ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესებულია, რაც პროგნოზირებადი იყო, მაგრამ სულ ვცდილობთ, მოვუწოდოთ მოსახლეობას და ზედამხედველობის სამსახურებს, მეტი კონტროლი იყოს, რადგან არ გვინდა ნოემბერი-დეკემბერი გავიმეოროთ და ისევ გატარდეს მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ მეორე მხრივ, პინაზე ადამიანის ჯანმრთელობაა. თუ ჩვენ მომავალ კვირებში ეპიდსიტუაცია ვერ შევაკავეთ, საბჭოს ამის აწონ-დაწონვა მოუწევს“,- განაცხადა გამყრელიძემ.