დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის 18 კლასტერია, თუმცა, ყველა მათგანი მართვადია.
ამასთან, გამყრელიძის თქმით, კლასტერების არსებობა ქვეყანაში საყოველთაო გავრცელების ნიშანია.
„გიდასტურებთ, რომ კლასტერების რაოდენობა იზრდება. დღეს დილის მონაცემებით დამატებულია ლაგოდეხის კლასტერი. დაახლოებით, 18-მდეა ეს კლასტერი, რაც დღეს არის, მაგრამ ყველა მართვადია, დიდი კლასტერები არ არის. ასევე, თანდათან კლასტერებიდან გადავდივართ ქვეყანაში საყოველთაო გავრცელებაზეც, რისი ერთ-ერთი ნიშანიც კლასტერების ჩამოყალიბებაა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება ვირუსის შტამებს, როგორც გამყრელიძე ამბობს, 50-70% შემთხვევებში ქვეყანაში „ბრიტანული შტამი“ ცირკულირებს, რომელიც უფრო სწრაფი გავრცელებით ხასიათდება.
ამასთან, გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სამეთვალყურეო საბჭო გამოყოფს კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ საპატრიარქოსთან, რომ „აღდგომის წინა დღეები რაც შეიძლება ორგანიზებულად ჩატარდეს“.