დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ პირებს ტესტირება ჩაუტარდეთ.
„აფხაზეთის მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობაა, ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ისინი თანაბარ პირობებში იყვნენ. მაგრამ ამასთანავე სიფრთხილეა საჭირო. მოგეხსენებათ, რომ სამეგრელოში ეპიდსიტუაცია იძაბება. სამეგრელო, 100 ათას მოსახლეზე გავრცელების მაჩვენებლით, თბილისის შემდეგ მეორე ადგილზეა. ამიტომ ფრთხილი მიდგომაა საჭირო. ამაზე დღეს ხანგრძლივი მსჯელობა იყო და ვფიქრობ, ხვალ და ზეგ გადაწყვეტილებები იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
კითხვაზე, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, პრევენციის მიზნით, ხომ არ იგეგმება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირებისთვის ტესტირების ჩატარება? გამყრელიძემ უპასუა: „განიხილება ბევრი მიდგომა, მათ შორის მსგავსი, რაც თქვენ ბრძანეთ“.
„ეს მსჯელობა დაწყებულია დიდი ხანია და ჩვენ ჩართულები ვართ. დღეს იყო მსჯელობა ამაზე და შესაბამისი განცხადება, შესაბამისი სამინისტროს მიერ ხვალ თუ არა ზეგ გაკეთდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.