მილიარდერი მწარმოებლის ილონ მასკის სტარტაპ Neuralink-მა, რომელიც ტვინის ტექნოლოგიებზე მუშაობს, პარასკევს დაჩიპული მაიმუნი წარმოადგინა. 3-წუთიან ვიდეორგოლში მამრი მაკაკა - პეიჯერი, რომელსაც ტვინის თითოეულ მხარეს ჩიპი ჩაუნერგეს, ვიდეოთამაშ Mind Pong-ს აზროვნებით თამაშობს. მაკაკა ჯოისტიკით თამაშშიც არის გაწვრთნილი, მაგრამ ვიდეორგოლში ჯოისტიკი გათიშულია და ის მართვის ჯოხით სარგებლობს. მაკაკა სწორად აზროვნებს, თუ როდის უნდა აწიოს და დაწიოს მართვის ჯოხი თამაშის დროს.
„ეს Neuralink-ის პირველი პროდუქტია, რომელიც პარალიზებულ ადამიანს საშუალებას მისცემს, სმარტფონი გონებით იმაზე სწრაფად მართოს, ვინც ამას, როგორც წესი, თითით აკეთებს. შემდგომ ვერსიებში ტვინის Neuralink-ი და სხეულის მამოძრავებელი სენსორული ნეირონების Neuralink-ი ერთმანეთთან სიგნალს გაცვლიან, რაც პარალიზებულ ადამიანებს სიარულის საშუალებას მისცემს. იმპლანტირებული მოწყობილობა უსადენოდ იტენება, “ - წერს Twitter-ის გვერდზე ილონ მასკი.
Neuralink-ი ტვინის ელექტრული სიგნალების ჩაწერითა და დეკოდირებით მუშაობს, რისთვისაც მაიმუნის ტვინის ძრავის ქერქში იმპლანტირებულ 2000-ზე მეტ ელექტროდს იყენებს და კოორდინაციას უწევს ხელებისა და მკლავების მოძრაობას.
კომპანია Neuralink ილონ მასკმა 2016 წელს სან-ფრანცისკოში დააფუძნა. კომპანია მიზნად ისახავს ტვინში უსადენო კომპიუტერული ჩიპების იმპლანტირებას, რათა ისეთი ნერვოლოგიური დაავადებების განკურნებას შეუწყოს ხელი, როგორიცაა ალცჰეიმერი, გონებრივი სისუსტე და ზურგის ტვინის ტრამვები. ამასთან, კომპანიის ამოცანა ხელოვნურ ინტელექტთან კაცობრიობის შერწყმაა.
2020 წლის აგვისტოში ილონ მასკმა Neuralink ჩიპით იმპლანტირებული ღორი წარმოადგინა, რომლის დროსაც ეს იმპლანტი თავის ქალაში ჩადებულ Fitbit მოწყობილობად მონათლა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ