„მიუხედავად იმის, რომ ინფიცირების მაჩვენებელი 1300-ს გადასცდა, ესე ვერ ვისხდებით, რადგან ეკონომიკა მართლა ჩაიძირა“ - ამის შესახებ ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა რადიო პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია ისევ არ არსებობს და ნაცვლად იმისა, რომ ბიზნესს მოუსმინონ, პერიოდულად მხოლოდ მუქარები ისმის.
„როდესაც ქვეყანა 1300 შემთხვევას ერთი წლის თავზე ვერ მოერევა, ეს ნიშნავს, რომ თვითონ ქვეყნის და ჯანდაცვის სისტემის მართვა არის არასწორი. უკვე ამხელა გამოცდილება დაგროვდა და ყველას გული გაუსკდა დილიდან იმიტომ, რომ ინფიცირების მაჩვენებელმა 1300-ს გადააჭარბა. რეალურად, ეს არ არის ის რიცხვი, რომელსაც შეიძლება ქვეყანა ვერ მოერიოს. მით უმეტეს, რომ ამხელა ბიუჯეტი ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროს და რაღაც კითხვები ჩნდება. პერსპექტივა მაინც აქვს საქართველოს, რადგან ეს რაოდენობა არის მართვადი და შეიძლება დაიწიოს. კვლევა არის გასაკეთებელი, რატომ გაიზარდა ეს რიცხვი.
შემდეგი არის, რომ ძალიან ცუდი კომუნიკაცია არსებობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. ჩვენ არაერთხელ შევხვდით მინისტრებს და ის, რაც უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს, გააკეთა კერძო სექტორმა. ეს იყო დაწერილი რეგულაციები, რომელიც მივიტანეთ და დავუდეთ, თუმცა ვერაფერზე ვერ შევთანხმდით და გარეთ გამოსულმა მინისტრებმა თქვეს, შევხვდით კერძო სექტორს და მათ გაგვიგესო, რაც არ შეესაბამებოდა რეალობას. იმის თქმა მინდა, რომ რაღაც დიდი ბარიერი არსებობს კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის. დღემდე არ გვაქვს სამოქმედო გეგმა, ისევ არ გვაქვს ჩამოყალიბებული, როგორ უნდა ვიმუშაოთ ზაფხულში. არადა, ეს ძალიან მარტივად შეიძლებოდა, რომ შემოვუშვათ აცრილი ხალხი... “ - განაცხადა ია თაბაგარმა.
მისი თქმით, ტურიზმის სექტორი დღესაც მზად არის ახალი დოკუმენტი შეიმუშაოს, თუ როგორ უნდა მოხდეს სახმელეთო საზღვრის რეგულაციების დაცვით გახსნა, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკა უბრალოდ ვერ გადარჩება.
„მე პირადად წარმოვადგენ ერთ-ერთ აგრო-ტურისტულ ობიექტს კახეთში და ამ ერთი წლის განმავლობაში არავინ მოსულა, არ უკითხავთ, რითი დაგეხმაროთ? მხოლოდ დადიან და პერიოდულად გვემუქრებიან, წესიერად მოიქეცითო. არადა, ისიც არ იციან, რა მოგვთხოვონ და იცით რატომ? რაღაც ტრეინინგი ჩაუტარეს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებსაც ახლა ევალებათ სასტუმროების მონიტორინგი. მე თუ მკითხავთ, ძალიან შეურაცხმყოფელია თავად ამ სექტორისთვის, როდესაც ნაკლებ კვალიფიცირებული ადამიანი მოდის და ცდილობს მიზეზი მოგიძებნოს, იმის მაგივრად, რომ ხელი შეგვიწყონ რაღაცაში. ამიტომ განცხადებები, რომელიც ბოლო დროს ისმის, თითქმის ყველა შეუსაბამოა. მე ძალიან ხშირად მესმის ხელისუფლების წარმომადგენლები ჟურნალისტებს რომ ეუბნებიან - თითქოს მჭიდროდ თანამშრომლობენ კერძო სექტორთან. მე ძალიან მაინტერესებს ვისთან თანამშრომლობენ?! როგორც წესი, ეს შეხვედრები სრულდება გაუგებრობით და ერთ წრეზე ვტრიალებთ.
იანვრის ბოლოს იყო დიდი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა 4 მინისტრი და კერძო სექტორის დაახლოებით, 20 წარმომადგენელი, რომლებიც არიან ძალიან აქტიურები, ასევე ზამთრის კურორტების წარმომადგენლები და დიდი ტურ-ოპერატორები. ჩვენ დავუდეთ ჩვენ მოსაზრებები ფურცელზე ამობეჭდილი, როგორ უნდა დაწყებულიყო ნელ-ნელა სახმელეთო საზღვრების გახსნა. ეს წერილი შეტანილია კანცელარიაშიც. ამდენი ხანი გავიდა და არავის დავუბარებივართ, მოდით ხალხო დავხვეწოთ, განვავითაროთ... ამ კუთხით ბევრი არაფერი არ ხდება. ჩვენ მზად ვართ ეს დოკუმენტი განვაახლოთ და კიდევ მივმართოთ. მიუხედავად იმის, რომ ინფიცირების მაჩვენებელი 1300-ს გადასცდა, შიშს დიდი თვალები აქვსო, ესე ვერ ვისხდებით, რადგან ეკონომიკა მართლა ჩაიძირა და ტურიზმი ჩაიძირა“,- განაცხადა ია თაბაგარმა.