"რიყის დოქების" საპრივატიზაციო აუქციონი ისევ უშედეგოდ დასრულდა - ობიექტი არც ამჯერად იყიდა ვინმემ. ხელახალ აუქციონზე გამოტანილი კომპლექსის საწყისი ღირებულება 71.2 მილიონი ლარი იყო. აუქციონი დღეს 17:00 საათზე შედეგის გარეშე დაიხურა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ „რიყის დოქების“ საპრივატიზაციო აუქციონი მესამედ, 30 მარტს გამოაცხადა. თავდაპირველად აუქციონი 2020 წლის დასაწყისში გამოცხადდა, მაშინ ობიექტი 95 მლნ ლარად იყიდებოდა, თუმცა ის არავინ იყიდა. უკვე შემდგომი აუქციონი 2021 წლის მარტში გამოცხადდა, კომპლექსის საწყისი ღირებულება 71.25 მლნ ლარი იყო, თუმცა ისიც უშედეგოდ დასრულდა. მესამედ „რიყის დოქებზე“ აუქციონი მთავრობა აპრილის დასაწყისში გამოაცხადა. ამჯერადაც ობიექტის საწყისი ღირებულება 71,25 მლნ ლარი იყო.
საინვესტიციო პირობების მიხედვით, ობიექტის შემძენმა ადგილზე 36 თვის ვადაში მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა მოეწყოს. პროექტის საინვესტიციო ვალდებულება 10 მილიონი ლარია.
"შემძენმა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსის (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს), საგამოფენო სივრცე(ებ)ს/დარბაზ(ებ)ს) ან/და სასტუმროს) შექმნა, შესაბამისი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება და კომპლექსის ფუნქციონირების დაწყება.
შემძენმა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება უნდა უზრუნველყოს", - ნათქვამია აუქციონის პირობებში.
ცნობისათვის, თბილისის ცენტრში მდებარე ობიექტის მშენებლობა, რომელიც 75 მლნ ლარი დაჯდა, 2013 წელს დასრულდა, თუმცა მას შემდეგ ის უფუნქციოდ არის მიტოვებული.