მაკარონის ბრენდი Barilla სარეკლამო კამპანიისთვის სიყვარულის თემატიკას ირჩევს

მაკარონის მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია Barilla-მ სარეკლამო კამპანია სიყვარულის თემატიკით განაახლა, რომლის სახელწოდებაა „No Words.“ მისი შემქმნელი სარეკლამო კომპანია Publicis Italy-ია. მაკარონის მწარმოებელმა გადაწყვიტა, შეცვალოს გლობალური პოზიციონირება და Barilla-ის განვითარების ახალი სტრატეგიისთვის ემოციური კომუნიკაცია აირჩიოს.

სარეკლამო კამპანია 40 ქვეყანას მოიცავს. მისი გმირები ცდილობენ, ერთმანეთს გაუგონ და დაუახლოვდნენ, ხოლო როცა თავიანთი გრძნობების გამოსახატავად სიტყვები აღარ ჰყოფნით, დასახმარებლად Barilla-ს მაკარონისგან სიყვარულით დამზადებული კერძები ჩნდებიან. Barilla უჩვენებს, თუ რამდენად მარტივია, გამოტყდე სიყვარულში, მოიბოდიშო ან ახლობელი ადამიანი დაამშვიდო. თანამედროვე ოჯახების მაგალითზე მაყურებელი ნახავს, თუ როგორ შეუძლია კულინარიას ადამიანებს შორის ხიდების გადებაში წვლილი შეიტანოს.

სარეკლამო რგოლის საუნდტრეკად „Beautiful that Way“-ის კომპოზიცია აირჩიეს. ეს მელოდია მილიონობით მაყურებლისთვის რობერტო ბენინის ოსკაროსანი ფილმ „ცხოვრება მშვენიერიდან“ არის ცნობილი.

Barilla-ს მარკეტინგის დირექტორი ჯანლუკა დი ტონდო აცხადებს, რომ ბრენდმა ყველა თავისი კლასიკური სარეკლამო კამპანიის გაანალიზება და თანამედროვე პრობლემებთან ადაპტირება შეძლო.

Barilla-ს ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა ბრენდის ყველა არხს მოიცავს: ციფრულს, სოციალურ ქსელს, გარერეკლამასა და საცალო ვაჭრობას. Publicis Italy კრეატიული კონცეფციისა და მონაცემთა სტრატეგიის შემუშავება-რეალიზაციაზე იქნება პასუხისმგებელი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ