„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ბოდბეში რამდენიმე მიწის ნაკვეთს, შენობებს და ფერმებს აუქციონზე ყიდის.
საერთო ჯამში, გასასხვისებელი ქონების საწყისი ფასი 13,051 მლნ ლარს შეადგენს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, გასხვისება „ორ მიზანს ემსახურება“.
„ივრის პირა რაიონებში, დედოფლის წყაროსა და სიღნაღში ჩვენ დაახლოებით 7 000 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთებს ვფლობთ, რომელიც შვიდ სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარეობს. KTW ჯგუფმა რამდენიმე ნაკვეთის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ორ მიზანს ემსახურება. ერთი მხრივ, ეს შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენს მფლობელობაში არსებული ტერიტორია გავაერთიანოთ და გავაფართოვოთ, მეორე მხრივ კი, დიდი და საშუალო კომპანიები მათთვის მომგებიანი ინვესტიციების განხორციელებას შეძლებენ.
ამ ტერიტორიაზე ჩვენ წინასწარი მოკვლევა გვაქვს ჩატარებული, რითაც დადგინდა, რომ ეს მიწები კაკლოვანი ჯიშების გასაშენებლად შესაფერისი ადგილია. ეს უკანასკნელი კი, ექსპორტის მიმართულებით დღეს საკმაოდ მომგებიანია. ამასთან, მომავალ მესაკუთრეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავლის“ უპირატესობებით, რომელიც მათი საქმიანობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ლოკაციაზე ჩვენ უკვე დავიწყეთ ზეთისხილის, ვენახისა და თხილის გაშენება. ეს პროექტი, ვფიქრობ, საქართველოში ზეთისხილის კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“ – განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს" KTW ჯგუფის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
ცნობისათვის, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ბოდბეში რამდენიმე მიწის ნაკვეთს, შენობებს და ფერმებს აუქციონზე ყიდის. ქონება 3 აუქციონზეა გამოტანილი. ერთ-ერთი ქონების საწყისი ღირებულება 7 085 000 ლარია, „ბიჯი“ 7 000 ლარია. უქციონი 24 აპრილს სრულდება. გარდა ამისა, KTW ბოდბეში კიდევ 3 მომიჯნავე მიწის ნაკვეთს ყიდის. ამ შემთხვევაში საწყისი ფასი 4 511 000 ლარია, „ბიჯი“ 5000 ლარი. ასევე ბოდბეში ყიდის KTW სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2500001 კვ.მ, მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობას, საერთო ფართით 579.2 კვ.მ. საწყისი ფასი 1 455 000 ლარია, „ბიჯი“ 5 000 ლარი. „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ 2001 წელს დაფუძნებული კომპანიაა. კომპანიის 100%-იან წილის მფლობელი არის ზურაბ ჩხაიძე.