„მაიკროსოფტმა“ ხელოვნური ინტელექტის კომპანიაში 16 მილიარდი გადაიხადა

„მაიკროსოფტმა“ გამოაცხადა, რომ აპირებს 16 მილიარდი დოლარი გადაიხადოს კომპანია „ნიუანს კომუნიკეიშენის“ შესაძენად, რომელიც ხელოვნური ინტელექტის და სასაუბრო ტექნოლოგიებზე მუშაობს. ამ სფეროში გაფართოება, „მაიკროსოფტს“ ჯანდაცვის სფეროდან კლიენტებისთვის, ფართო სპექტრის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გასავითარებლად სჭირდება.

ორმა კომპანიამ თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო, როცა კლინიკური ადმინისტრირების ავტომატიზაციის სისტემები შეიმუშავეს. ჯანდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიები, ინვესტიციებს არ იშურებენ იმისთვის, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, პროდუქტიულობა გააუმჯობესონ და მომსახურება დააჩქარონ. ამისთვის, ისინი ჯანდაცვის სფეროში ციფრული მომსახურების დანერგვას, სულ უფრო ხშირად იყენებენ.

„მაიკროსოფტმა“ „ნიუანსის“ მფლობელებს, აქციაში 56 დოლარი შესთავაზა, რაც იმ მომენტისთვის, ამ აქციების ნომინალურ ფასზე 22.86 პროცენტით მეტი იყო. შესყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი, „ნიუანსის“ აქციის ფასი 52.85 დოლარამდე გაიზარდა.

„ნიუანსი“ ცნობილია სასაუბრო ტექნოლოგიების განვითარებით. მის მიერ არის შემუშავებული „ეპლის“ ვირტუალური ასისტენტი „სირი“. მანვე შეიმუშავა ხმოვანი ამოცნობის ტექნოლოგიები, რასაც ამჟამად ბევრ ინდუსტრიაში იყენებენ. კომპანია ამჟამად ფოკუსირებულია ჯანდაცვის სფეროსა და კორპორატიულ ხელოვნურ ინტელექტზე. კომპანიამ ახლახანს რეორგანიზაცია ჩაატარა, რის შემდეგაც, ნაკლებად მომგებიანი ბიზნესები გაყიდა.

„მაიკროსოფტმა“ ახლახანს 7.5 მილიარდ დოლარად, სათამაშო ბიზნესში მომუშავე კომპანია „ზენიმაქს მედია“ შეისყიდა. „ნუანსის“ შესყიდვა, „მაიკროსოფტისთვის“ მეორე უდიდესია მას შემდეგ, რაც „ლინკედინ-ში“ 26.2 მილიარდი დოლარი გადაიხადა.