დავით ნარმანია: საცობები ცალკეული საინჟინრო გადაწყვეტილებებით ვერ მოგვარდება

საცობები ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა და მხოლოდ ცალკეული საინჟინრო გადაწყვეტილებებით ეს საკითხი ვერ მოგვარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "პალიტრა-TV"-ის ეთერში გადაცემა "საქმეში" განაცხადა.

დავით ნარმანიას თბილისში, სააკაძის მოედანზე საცობებთან დაკავშირებით კითხვა მაყურებელმა დაუსვა. "ვიცი, რაც არის საცობების გამომწვევი მიზეზი. ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი მიზეზი იყო დაზიანებული გზის მონაკვეთი, რომელიც აღვადგინეთ რამდენიმე დღის წინ და მოიკლო საცობების რიცხვმა. თუმცა, საცობები ზოგადად ქალაქში გამოწვეულია ავტომანქანების მკვეთრი ზრდით. შესაბამისად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ბოლო წლებში მიმდინარე აქტიური მშენებლობების ფონზე მოსახლეობის რიცხოვნობა იზრდება და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ვერ ატარებს ნაკადებს", -აცხადებს ნარმანია.

მისივე თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში იგეგმება საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებისგან არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ.  "გარდა ამისა, დაგეგმილია კვლევა, რომელიც გვიჩვენებს ზუსტად სატრანსპორტო ნაკადების მარშრუტებს და აშ. ზოგიერთ მონაკვეთთან დაკავშირებით გვაქვს საინჟინრო გადაწყვეტილების გეგმები. დაგეგმილი გვაქვს პუშკინზე ესტაკადის მშენებლობა, სანაპიროს გაფართოება ლაგუნა ვერესთან და სხვა რამდენიმე პროექტი, რაც არის ნაბიჯი საცობების შემცირებისკენ. ასევე ვსწავლობთ მუნიციპალური ტრანსპორტის ნაკადებს და ნაკადი სხვანაირად იქნება გადალაგებული, რაც გარკვეულ შვებას მოგვცემს. საბურთალოს ნაწილზე ვატარებთ დაკვირვებას, დასუფთავების მანქანები გადავიყვანეთ სხვა რეჟიმზე. თუმცა საცობები ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა და მხოლოდ ცალკეული საინჟინრო გადაწყვეტილებებით ეს საკითხი ვერ მოგვარდება", -განაცხადა ნარმანიამ.