Virgin Atlantic პრემიუმ-კლასის ფრენებზე ფასებს ამცირებს

ბრიტანული ავიაკომპანია Virgin Atlantic Airways-ის პროგნოზით, მომდევნო ორ წელიწადში საქმიანი ფრენების რაოდენობა კორონავირუსის პანდემიამდელ მაჩვენებელზე 20%-ით ნაკლები იქნება. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შაი ვაისმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუმცა ვფიქრობ, საქმიანი მგზავრობები მაინც დაგვიბრუნდება, რადგან ხალხი დაიღალა ისეთი პლატფორმებისგან, როგორიცაა Zoom და Microsoft Teams“, - განაცხადა შაი ვაისმა.

ავიაკომპანიაში იმედოვნებენ, რომ საზღვრების გახსნისთანავე ტურისტულ ვიზიტებზე მოთხოვნა მოიმატებს. დარგისთვის ახალი გამოწვევაა იმ კორპორატიული კლიენტების მობრუნება, რომლებიც პანდემიის გამო დაწესებული დისტანციური მუშაობისა და ვიდეოკავშირების გამო დაკარგეს.

PwC-ის ცნობით, მაშინ, როცა მთელ რიგ ქვეყნებში მკაცრი ლოქდაუნია გამოცხადებული, რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა მოელის საქმიან ვიზიტებს უახლოეს მომავალში.

YouGov-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ევროპელები ბიზნეს-ფრენებს შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც კი 40%-ით შეამცირებენ.

Virgin Atlantic-ი აქცენტს პრემიუმ-სეგმენტზე აკეთებს, რაზეც, ვაისის პროგნოზით, მომხმარებლების მიერ ფინანსების ეკონომიის გამო მოთხოვნა გაიზრდება.

„შესაძლოა ჩვენ ფასების შემცირებაც მოგვიწიოს, თუკი პრემიუმ-მოგზაურობებისთვის მეტი ადამიანის მიზიდვას ვგეგმავთ. მოთხოვნა არის და ამიტომ ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი.

Virgin Atlantic-ს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სახელმწიფო დახმარებაზე უარი უთხრა, თუმცა ავიაკომპანიამ კერძო ინვესტორებისგან 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის მოზიდვა შეძლო.

კოკა კვირკველია