„წელიწადი და ორი თვეა ასეთ რთულ მდგომარეობაში ვართ“ – „ელსელემას“ საერთაშორისო შეკვეთებიც გაჩერებული აქვს

სამკერვალო „ელსელემა“ უკვე ერთ წელზე მეტია საერთაშორისო შეკვეთებსაც ვერ იღებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამ დროისთვის საწარმო ადგილობრივი შეკვეთებით 15%-იანი დატვირთვითაც ვერ მუშაობს, ამის მიზეზი კი, პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობაა. სწორედ ამავე მიზეზით, კომპანია ვერც ახალ პროექტზე მუშაობას ახერხებს, რომლის ფარგლებშიც, თურქულ მხარესთან ერთად, ტრიკოტაჟის ქსოვილის წარმოება უნდა დაეწყო.

ცნობისთვის, შპს „ელსელემა“ აწარმოებს: სამხედრო და პოლიციის უნიფორმებს, სამუშაო ფორმებს, დაცვის უნიფორმებს, წყალგაუმტარ ტანსაცმელს, ბუმბულის ქურთუკებს, ყოველდღიურ ტანსაცმელს და ნაქსოვ პროდუქციას როგორც კაცისა და ქალის, ასევე ბავშვებისთვის.

გარდა ამისა, „ელსელემამ" საექსპორტო პროდუქციაში შვეიცარიის პოლიციელებისთვის სპეც-დანიშნულების ქამრებიც დაამზადა.

ელგუჯა მამასახლისი: „ხელს გვიშლის პანდემია და მიმოსვლის შეზღუდვა. ამიტომ, ტრიკოტაჟის წარმოებას ვერ ვიწყებთ. ინვესტორები ფიზიკურად ვერ შემოგვყავს. ახლაც კი, ამ საკითხზე ვმუშაობთ, რომ ეს პროექტი არ მოკვდეს და მის დასაწყებად რამე გზა გამოვნახოთ.

რაც შეეხება პანდემიით გამოწვეულ სხვა სირთულეებს, ნელ-ნელა ვიწყებთ ადგილობრივ შეკვეთებზე მუშაობას, მაგრამ ჯერ 15%-იანი დატვირთვითაც ვერ ვმუშაობთ. იქნებ, მაისის ბოლოს მაინც გავიხსნათ და 15-20%-იანი დატვირთვა გვქონდეს.

ამის პარალელურად, ექსპორტი საერთოდ გაჩერებული გვაქვს. ვცდილობთ, ადგილობრივი შეკვეთები, იგივე უნიფორმის წარმოება მაინც არ გავუშვათ ხელიდან. არ ვიცით, რა გველის წინ და თამამად ვერც მუშაობას ვიწყებთ, უკვე მესამედ მოგვიწია გაჩერება. სამწუხაროდ, თანამშრომლების უდიდესი ნაწილი შვებულებაშია, მინიმალური რაოდენობის ადამიანებით ვმუშაობთ. წელიწადი და ორი თვეა ასეთ რთულ მდგომარეობაში ვართ“.

შეგახსენებთ, რომ სამკერვალო საწარმო „ელსელემა" 1992 წელს თბილისში დაფუძნდა. 2017 წლის სექტემბერში კი კომპანიამ კიდევ ერთი საწარმო ლანჩხუთში გახსნა. კომპანია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.

ნინი ქეთელაური