საფრანგეთში ყინვებმა ხილის მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა

გაზეთ Le Figaro-ს ცნობით, ფრანგი ფერმერები კვირაზე მეტია, ყინვებს ებრძვიან. ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის მინისტრი ჟულიენ დენორმანდი აცხადებს, რომ ეს სოფლის მეურნეობისთვის შესაძლოა, 21-ე საუკუნის უდიდეს კატასროფად გადაიქცეს. მინისტრი ყინვებისგან მიყენებული ზარალის ზუსტ შედეგებს, ჯერჯერობით, ვერ ასახელებს, მაგრამ აცხადებს, რომ ასობით ათას ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწებისთვის მიყენებული ზარალი ადგილობრივი ხილის დეფიციტს გამოიწვევს. ხელისუფლება უკვე ამუშავებს მასშტაბურ პროგრამას კლიმატური კატასტროფის გამო მიწის სექტორის დასახმარებლად.

ვაშლისა და მსხლის მწარმოებელთა ეროვნული ასოციაციის დირექტორი ჯოზელინ სენ-რეიმონი აცხადებს, რომ ყინვის ტალღამ ქვეყანაში, ფაქტობრივად, წარმოების ყველა არე მოიცვა.

„ბაღებში, სადაც ყინვისგან დამცავი სისტემებია დამონტაჟებული, ზიანი მეტად კრიტიკული არ იქნება, მაგრამ მოუმზადებელი ფერმერები მიმდინარე სეზონზე მოსავალს თითქმის მთლიანად დაკარგავენ,“ - აცხადებს სენ-რეიმონი.

ატმისა და გარგარის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტ ბრუნო დარნოს თქმით, ზოგიერთ საწარმოო ზონაში გამყინვარების შედეგად მოსავლის დანაკარგმა 100%-ს მიაღწია და უახლოეს თვეებში ამ პროდუქციაზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არის მოსალოდნელი.

საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის დეპარტამენტ ზემო სონაში მკვიდრ ხილის მწარმოებლის დიდიე კოსტის მონაცემებით, ალუბლის დანაკარგმა 90% შეადგინა, მირაბელის ქლიავი კი მთლიანად განადგურდა. მისი თქმით, ზემო სონაში, ძირითადად, ვაშლისა და მსხლის ბაღებია, რომლის მოსავლის 90% განადგურებულია. ყინვების გარდა, რეგიონში მოთოვა და თოვლის საფარმა სიმაღლეში 8-10 სანტიმეტრს მიაღწია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ