„ეს არის მასშტაბური პროექტი“ - შეძლებს თუ არა ისევ „ლიბერთი ბანკი“ პენსიების გაცემას, წლის ბოლოს გაირკვევა

შეძლებს თუ არა ისევ „ლიბერთი ბანკი“ პენსიების გაცემას, წლის ბოლოს გაირკვევა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე ისაუბრა. მისი თქმით, იწყება სატენდერო პირობების შერჩევა, რომელშიც რამდენიმე უწყება მონაწილეობს. შედეგად, კომერციული ბანკებისთვის პენსიების გაცემაზე ინტერესთა გამოხატვა წლის ბოლოს გამოცხადდება.

„2019 წელს, როდესაც ვადა გაუვიდა „ლიბერთი ბანკსა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის ხელშეკრულებას, ჩვენ რა თქმა უნდა, ღიად და გამჭვირვალედ ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, წინასწარი მონაცემები რომ გაგვეგო. სამწუხაროდ, აღნიშული მომენტისთვის არ აღმოჩნდა არცერთი სხვა ბანკი მზად, რომ მათ განეხორციელებინათ ტენდერში მონაწილეობა და შემდეგ უკვე პენსიების დარიგება. თუმცა, ისინი ამით დაინტერესდნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს ყველაფერი მივაწოდეთ მთავრობას და მათი გადაწყვეტილებით, ეს ხელშეკრულება გადავწიეთ 3 წლით, რათა მომზადებული ყოფილიყვნენ ბანკები. ჩვენ ვაპირებთ, რომ წელსვე დავიწყოთ სამზადისი ტენდერის გამოსაცხადებლად და უკვე წლის ბოლოსთვის გამოვაცხადოთ ტენდერი, რათა გამარჯვებულ ბანკს 1 წელი ჰქონდეს ვადა, რომ მოამზადოს ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

კითხვაზე, ტენდერის მიხედვით, კვლავ ერთი ბანკი გაიმარჯვებს და თუ არა, გიორგი წოწკოლაურმა უპასუხა: „ეს კონტრაქტი სწორედ იმიტომ გადაიწია 3 წლის ვადით, რომ სხვა ბანკებს ჰქონოდათ საშუალება მომზადებულიყვნენ ტენდერში მონაწილეობისთვის.

ეს არის მასშტაბური პროექტი, აქედან გამომდინარე, ჩართული უნდა იყვნენ სხვადასხვა უწყებები. ზუსტად ამ ინიციატივით ჩვენ უკვე მივმართეთ მთავრობას, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია და ის დადებს სატენდერო პირობებს. ახლა ეს რაში მდგომარეობს: ეს იქნება ჩაშლილი ლოტებად, ანუ დიდ ქალაქებში, ვისაც სად უნდა იქ დაერიცხოს პენსია და გაიყოფა მაღალმთიანი და ისეთ რაიონები, სადაც საბანკო მომსახურება ამ ეტაპზე მხოლოდ „ლიბერთი ბანკს“ აქვს. სწორედ ეს არის სამსჯელო უწყებათაშორის კომისიაზე, გამომდინარე იქიდან, რომ დაახლოებით, 220 000 ჩვენი მოქალაქეა, რომელიც სარგებლობს ბანკს მიღმა მომსახურებით. დაახლოებით, 70 000 ოჯახში „ლიბერთი ბანკს“ თვითონ მიაქვს ადგილზე პენსია, ხოლო დანარჩენები სარგებლობენ ე.წ მინიბუსებით, ანუ მობილური ბანკით. სწორედ ეს არის თემა და ამიტომ უნდა შედგეს უწყებათაშორისი კომისია, რომ თუ ჩაიშლება ლოტებად და დიდი ქალაქებში პენსია ავტომატურად დარიგდება, ის მომსახურება, რაზეც წეღან ვსაუბრობდით, აუცილებლად გახდება სახელმწიფოს მხრიდან ფასიანი. როდესაც ფასიანი გახდება, ამაში ჩართული უნდა იყოს ფინანსთა სამინისტრო, რათა ბიუჯეტი სწორად დაიგეგმოს. ამაში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ეროვნული ბანკი, რათა ის რეგულაციები, რაც მათ ხელით იქნება გასატარებელი, გატარდეს. ეს იმისთვის, რომ სწორი სატენდერო პირობები დაიდოს“,- განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

ნინი ქეთელაური