საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტაჯიკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს აზიმ იბრახიმს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ,,საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას ხელი მოეწერა.
მათივე ინფორმაციით, შეთანხმების გაფორმება მხარეთა შორის საავტომობილო მიმოსვლისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას ხელს შეუწყობს.
„დოკუმენტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები ყოველწლიურად განსაზღვრავენ შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის გადამზიდველებს მათი საქმიანობის პროცესში.
ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან ამ დრომდე, არ იყო გაფორმებული საავტომობილო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება. თუმცა საავტომობილო მიმოსვლაში შეფერხებების თავიდან არიდების მიზნით საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის იცვლებოდა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ბლანკები და ქვეყნებს შორის საავტომობილო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება დაგროვდა.
დღეიდან ეს თანამშრომლობა უკვე ოფიციალური შეთანხმებით გამყარდება, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.