თბილისის მერის მოადგილე განმარტავს, რატომ ამოავსეს მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყერსაშიშ ფერდობზე ნაპრალები თიხით

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიშ ფერდობზე ნაპრალების თიხით ამოვსების მიზანი მეწყერის შეჩერება არ ყოფილა და ამ ღონისძიების დანიშნულება მხოლოდ ის იყო, რომ ნალექის დროს ნაპრალებში მაქსიმალურად მცირე რაოდენობის წყალი ჩავიდეს.

როგორც ბენდელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ღონისძების შედეგად რისკები თითქმის მოხსნილია და მეტი დროა, რომ შემდგომი სამუშაოები დაიგეგმოს.

„თან გვეუბნებიან, რომ მოსახლეობას საფრთხე ემუქრება და თან გვეუბნებიან, რომ არაფერი უნდა გაგვეკეთებინა და ამ მეწყერისთვის გვეყურებინა. უშუალოდ მეწყრის ქვედა ნაწილში გადის სამი, დიდი დიამეტრის წყალსადენი, რომელიც დედაქალაქის დიდ ნაწილს ამარაგებს. ყველა რისკი შეფასდა და ამის მიხედვით მოხდა იმ გადაუდებელი სამუშაოების დაწყება. როდესაც ფორსმაჟორია, არ გვაქვს დრო, რომ დეტალური კვლევები ჩავატაროთ და ამის შემდეგ დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები. არავინ დაობს, რომ კვლევაც საჭიროა, ექსპერტირებაც, თუმცა ეს უკვე ის ეტაპია, როდესაც რისკები თითქმის მოხსნილია, მინიმალურამდეა დაყვანილი. შესაბამისად, ვიდრე წინა დღეებში გვქონდა, გაცილებით უფრო მეტი დრო გვაქვს, რომ შემდგომი სამუშაოები დაიგეგმოს და განხორციელდეს კონკრეტული პროექტირების საფუძველზე. თიხის მასით შევსების მიზანი არ ყოფილა, რომ თიხა ამ მეწყერს შეაჩერებდა. ესაა დროებითი ღონისძიება, რომლის ერთადერთი დანიშნულება არის, რომ იმ ნაპრალებში, რომელიც პირველ დღეებში იყო, შევძლოთ წყლის მაქსიმალურად მცირე რაოდენობის ჩასვლა“,- განაცხადა ბენდელიანმა.