სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხიდურელის ინტერვიუ ცნობილ საერთაშორისო ჟურნალის ყდაზე სათაურით “GEORGIA – Uprising BSS destination”

ბიზნეს-სერვისების აუთსორსინგის მიმართულებით ცნობილ საერთაშორისო ჟურნალის “Outsourcing & More” გაზაფხულის გამოცემაში გამოქვეყნდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის ინტერვიუ სათაურით “GEORGIA – Uprising BSS destination”, სადაც დეტალურად არის მიმოხილული თუ რატომ არის საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ახალი მიმზიდველი საინვესტიციო ჰაბი სერვისების აუთსორსინგისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, “Outsourcing & More” საკონსულტაციო ორგანიზაცია Pro Progressio-ს მიერ დაფუძნებული ავტორიტეტული საერთაშორისო ჟურნალია, რომელსაც ჰყავს 200 000-მდე მკითხველი და მისი გამომწერები არიან გლობალური ბიზნეს სერვისების პროვაიდერი კომპანიების გადაწყვეტილების მიმღები პირები.

„5 წლის წინ არც ისე ბევრ ადამიანს სჯეროდა, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანა იქნებოდა სერვისების აუთსორსინგისთვის, დღეს კი სექტორში უკვე გვყავს წამყვანი ინვესტორები, რომლებიც საქართველოდან სერვისებს აწვდიან ყველასთვის ცნობილ გლობალურ ბრენდებს“, აცხადებს ინტერვიუში მიხეილ ხიდურელი.

ინტერვიუსთან ერთად, მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოში არსებული საერთაშორისო ბიზნეს და IT სერვისების პროვაიდერი კომპანიების Majorel Georgia, Asseco Georgia, Flat Rock Technology-ს სამოტივაციო წერილებს იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტეს საქართველოში ინვესტირება.

ბიზნეს-სერვისების აუთსორსინგი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მიმართულების (Invest in Georgia) პრიორიტეტული სექტორია, რადგან მას აქვს დიდი პოტენციალი ქვეყანაში ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით. პანდემიის შედეგად მსოფლიოში კიდევ უფრო გაზრდილია დისტანციურად სერვისების მიწოდებაზე მოთხოვნა, რაც ქმნის ახალი საინვესტიციო პროექტების დაწყების შესაძლებლობას. ამის ნათელი მაგალითია ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში ქვეყანაში უკვე არსებული ინვესტორების აქტივობები დამატებითი ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით, ისევე როგორც ახალი ინვესტორების მზარდი ინტერესი.

სტატია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

https://outsourcingandmore.proprogressio.pl/en