პირველ კვარტალში LVMH-ის შემოსავლები 32%-ით გაიზარდა

მსოფლიოში უმსხვილესი ლუქს-კლასის პროდუქციის მწარმოებელ კომპანიას LVMH Moet Hennessy Louis Vuitton SA მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში შემოსავლები 32%-ით გაეზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2020 წელს ზედიზედ რამდენიმე კვარტალი კლება ჰქონდა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ, შემოსავლებმა 13,959 მილიარდი ევრო შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის პირველ კვარტალში 10,596 მილიარდი ევრო ჰქონდათ.

ამასთან, პროდუქციის გაყიდვების ორგანულმა ზრდამ (ვალუტის კურსის ცვლილების და კომპანიების შესყიდვის გათვალსიწინების გარეშე) 30% შეადგინა 2020 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, ხოლო 9%-ით მეტი 2019 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით.

კომპანიის ყველა განყოფილებამ გაყიდვების კარგი ზრდა აჩვენა, გარდა საცალო ვაჭრობისა, რომელზეც კვლავინდებურად ნეგატიურ გავლენას ახდენს კორონავირუსის პანდემია და შეზღუდვები საერთაშორისო ტურიზმში. არსებითი ზრდა დაფიქსირდა შტატებსა და აზიაში, მაშინ როცა ევროპაში კვლავ კორონავირუსული კრიზისია.

კომპანიის შემოსავლები მოდური ტანსაცმლის სფეროში და ტყავის ნაწარმის ნაწილში 45%-ით, რეკორდულ 6,738 მილიარდ ევრომდეა გაზრდილი. ორგანულმა ზრდამ შეადგინა 52%.

საათებისა და სამკაულების გაყიდვებმა კი 138%-ით 1,883 მილიარდ ევრომდე მოიმატა, ორგანული ზრდა 35%-ია.

ალკოლოჰოლური სასმელების განყოფილებაში 12%-იანი მატებაა 1,55 მილიარდ ევრომდე (ორგანული ზრდა 18%).

თუმცა ქსელური საცალო მაღაზიების (Sephora, DFS და Le Bon Marche) გაყიდვებმა იკლო 11%-ით 2,337 მილიარდ დოლარამდე. 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კლებამ შეადგინა 30%.

ამასთან, კომპანიის კაპიტალიზაცია მიმდინარე წლის დასაწყისიდან გაზრდილია 16,4%-ით 297 მილიარდ ევრომდე.

LVMH Moet Hennessy Louis Vuitton - ეს არის ბერნარ არნოს კუთვნილი კომპანია, რომელიც მოიცავს ლუქს კლასის პროდუქციის მწარმოებელ 75 ბრენდს, მათ შორისაა, აქსესუარების მწარმოებელი Louis Vuitton და Fendi. კომპანიის ქსელი მსოფლიოს 80 ქვეყანაში ითვლის 5 ათასზე მეტ მაღაზიას. ჰყავს 150 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმებული, რომელთა 78% საფრანგეთს ფარგლებს გარეთაა.

კოკა კვირკველია