საავტომობილო გაზის ფასი გაიზარდა

თითქმის ყველა კომპანიაში გაზის ფასი 5 თეთრით გაიზარდა და 1 ლარი 15 თეთრი შეადგინა.

საავტომობილო გაზის ფასი უცვლელია მთავარი იმპორტიორის, "სოკარის" გაზგასამართ სადგურებზე. ბუნებრივი გაზის ფასი "სოკარში" დღეის მდგომარეობით, 1.09 ლარია. რაც შეეხება სხვა კომპანიებს, იქ ბუნებრივი გაზის ფასი 1 ლარი 15 თეთრია. ფასის მატებას კომპანიები დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ცვლილებას უკავშირებენ.

"გაზის გაძვირება დოლარის კურსის მატებამ გამოიწვია. ყველა კომპანია გაზს დოლარში შეიძენს. ჩვენ სოკარიდან გაზს უმაღლესი კომერციული კურსით ვყიდულობთ. შესაბამისად, ლარის კურსის ვარდნამ გამოიწვია ფასის მატება. ამ ეტაპზე ფასის მატებაზე საუბარი აღარ მიდის და ველოდებით მდგომარეობის დასტაბილურებას", - განაცხადა შპს "გამა გაზის" იურისტმა ლევან დევდარიანმა.

რაც შეეხება საავტომობილო გაზზე ფასის დაკლებას, კომპანიებში აცხადებენ, რომ თუ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, საავტომობილო გაზის ფასი კვლავ 1 ლარი და 10 თეთრი გახდება.