ნუ გახდებით თაღლითობის მსხვერპლი! - კამპანია, რომელიც ე.წ მევახშეებისა და შუამავლების წინააღმდეგ იწყება

ბოლო პერიოდში, გაიზარდა შემთხვევები, როცა დაბალი ნდობისა და გაუმჭვირვალე პირობების მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილი სასურველი თანხის სესხის სახით მისაღებად ე.წ შუამავლებს მიმართავს და გაძვირებული პროცენტითა და მომხმარებლების უფლებების უგულებელყოფით იღებს კრედიტს. შუამავლები მათ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ჰპირდებიან საფინანსო ორგანიზაციაში სესხის აღებას, თუმცა სინამდვილეში, სესხის დამტკიცებისა და გაცემის პროცესზე რაიმე გავლენა არ გააჩნიათ. შესაბამისად, მათი საქმიანობა ხშირად მხოლოდ თაღლითურ ქმედებას წარმოადგენს.

ე.წ შუამავლებისა და მევახშეებისთვის მიმართვის შემთხვევები გაიზარდა პანდემიით გამოწვეულ რთულ სოციალურ ფონზე, რაც კიდევ უფრო მასშტაბურ საფრთხეებს ქმნის. ერთი მხრივ, აღნიშნული მეთოდით თანხის მიღება მომხმარებლებს სესხს უძვირებს, ხოლო მეორე მხრივ, აზარალებს იმ კომპანიის, იმიჯს, კორპორაციულ კულტურას, დამსაქმებლის პოზიციონირებას და ზოგადად ადგილს საფინანსო ბაზარზე, რომელთან შუამავლადაც თავს კონკრეტული პირი წარმოაჩენს.

შუამავლებისთვის გახშირებული მიმართვის პრაქტიკა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომელთაც ასეთ შემთხვევებში მომხმარებლის უფლებების დაცვის ბერკეტი აღარ გააჩნიათ.

მაგალითად, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისიში“ განმარტავენ, დამკვიდრებული თაღლითური სქემა შემდეგნაირია: შუამავალი ან ნებისმიერი მესამე მხარე სესხის აღების მსურველს არწმუნებს, რომ არის კონკრეტულ ფინანსურ ინსტიტუტთან დაკავშირებული პირი და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დახმარებას სთავაზობს; რეალურად, ის ზეგავლენას სესხის გაცემის პროცესზე ვერ ახდენს. თუ მომხმარებელი ისედაც აკმაყოფილების სესხის აღების პირობებს და ფინანსური ინსტიტუტი, თავისი პროცედურების გათვალისწინებით, ამტკიცებს და გასცემს სესხს, შუამავალი აღნიშნულს საკუთარ დამსახურებად ასაღებს და მსესხებელს გარკვეულ თანხას ახდევინებს. თუ მომხმარებელი ვერ აკმაყოფილების სესხის აღებისთვის საჭირო მოთხოვნებს, მაშინ ის სესხს ვერცერთ შემთხვევაში ვერ აიღებს, ხოლო შუამავალი აღნიშნულს ე.წ. გაუგებრობას მიაწერს. სინამდვილეში, სესხის აღების მსურველს ამ პროცედურებისთვის შუამავლის ჩართულობა არ სჭირდება, რადგან საფინანსო ორგანიზაცია თავად წყვეტს, მისცეს თუ არა სესხი კონკრეტულ პირს, მისი შემოსავლებისა და საკრედიტო ისტორიის მიხედვით.

საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლიანი ფინანსური ინსტიტუტები შუამავლებთან არ თანამშრომლობენ. სესხის დამტკიცების და გაცემის პროცესი წარმოებს დამოუკიდებლად, ყველანაირი მესამე პირების მონაწილეობის გარეშე.

შუამავლთან ურთიერთობის შემთხვევაში, მომხმარებელს ეზრდება გადასახდელი თანხა, რაც თავის მხრივ, გადაუხდელობის რისკს აძლიერებს.

„ემბისი“-ს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შუამავლების წინააღმდეგ არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ, მზად არიან, კორპორაციული და სოციალური პასუხისმგებლობისა და ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანია დაიწყონ, რომელიც მომხმარებლის უფლებების დაცვას ემსახურება.

„მიკროსაფინანსო და საბანკო ინსტიტუტების თანამშრომლები მომხმარებელს პირობებთან, საპროცენტო განაკვეთთან და მასზე მოქმედ ფაქტორებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას აწვდიან, განუმარტავენ რისკებსა და შესაძლებლობებს, რაც ე.წ მევახშეებისგან ურთიერთობის შემთხვევაში არ ხდება. ჩვენი მისიაა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების გზით, მცირე მეწარმეებისა და ფერმერებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნა, მცირე ბიზნესის ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, რასაც შუამავლების ჩართულობა სრულად ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მომხმარებელთა ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი კამპანია დაგვეწყო“, - განმარტავენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, რომელშიც სხვადასხვა ორგანიზაცია და ექსპერტი ჩაერთვება.