უკრაინის მარცვლეულის ასოციაცია შეშფოთებულია გავრცელებული ხმების გამო, რომ მთავრობის ზოგიერთ წევრს მზესუზირისა და ზეთის ექსპორტის შეზღუდვა კვოტების შემოღების დაწესებით სურს.
„2020-2021 მარკენტინგული წლების სექტემბერ-აგვისტოში უკრაინელმა ფერმერებმა 13 მლნ ტონა მზესუმსირა მოიყვანეს, რომლისგანაც დაახლოებით 6 ტონა მზესუმზირის ზეთს დაამზადებენ. მოელიან, რომ აქედან დაახლოებით 5,6 მლნ ტონა ზეთი ექსპორტზე გავა. წლიდან წლამდე ზეთის შიდამოხმარება 0,4 მლნ ტონას არ აღემატება. უკრაინა მზესუმზირის ზეთის ექსპორტით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და მასზე კვოტის დაწესება ქვეყანას 3 მლრდ დოლარს დააკარგვინებს, ფერმერები მის მოყვანაზე უარს იტყვიან და ფასებიც ზეთზე არნახულად გაიზრდება,“ - ნათქვამია უკრაინის მარცვლეულის ასოციაციის პრეს-რელიზში.
პირველად ზეთის ექსპორტზე კვოტების დაწესების შესახებ ინფორმაცია კომპანია Maxigrain-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ელენა ნარობამ თავის facebook-ის გვერდზე გაავრცელა. ის წერს, რომ 1-ლი მაისიდან წლის ბოლომდე უკრაინული მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე შესაძლოა, კვოტები დაწესდეს, რის შედეგადაც ქვეყანა 3 მლრდ დოლარს დაკარგავს.
„არსებობს დადგენილების პროექტი უკრაინული მზესუმზირისა და მზესუმზირის ზეთის ექსპორტის კვოტირების შესახებ 0 გრამის ოდენობაზე, რომელიც 1-ლი მაისიდან დაიწყება და მიმდინარე სეზონური წლის ბოლომდე გაგრძელდება. ნული ანუ ეს მსუყე მიმართულება, რომელსაც ლომის წილი აქვს საექსპორტო ვალუტის შემოდინებაში, შესაძლოა, მთლიანად დაიხუროს იმ პოპულისტური განცხადებების გამო, თითქოს დახლზე ზეთი 70 გრივნი არ უნდა ღირდეს. ვისთვის ან რატომ არ უნდა ღირდეს?!“ - წერს ელენა ნარობა.
მისი შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე სეზონზე მზესუმზირის დაბალი მოსავალი - 13,1 მლნ ტონა მოვიდა, მეორე მხრივ, მსოფლიოში ინფლაციაა, ანუ ყველა პროდუქტზე ფასები იზრდება. ამ ორმა ფაქტორმა უკრაინელ ფერმერებს წლევანდელ სეზონზე არნახული მოგება მოუტანა. 2020-2021 წლების სექტემბერ-თებერვალში უკრაინაში 3,28 მლნ ტონა მზესუმზირის ზეთი აწარმოეს, საიდანაც 0,2 მლნ ტონა შიდა ბაზარს მოხმარდა.
2020 წლის 28 დეკემბერს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით (N1329), მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე ნულოვანი კვოტა უნდა დაწესებულიყო. დიდი რეზონანსის შემდეგ, მთავრობაში შეიმუშავეს ახალი კანონპრექტი ზეთის ექსპორტის რეგულირების შესახებ. მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ ახალ კანონპროექტში კვოტის ოდენობა დადგენილი არ არის. შემუშავებული ცვლილებების თანახმად, ეკონომიკის სამინისტრო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს ინფორმაციას მზესუმზირის ზეთის ექსპორტის ლიცენზიებზე განაცხადების რეგისტრაციის დაწყების შესახებ. გარეეკონომიკური საქმიანობის სუბიექტმა ექსპორტის ლიცენზიაზე განაცხადი 15 კალენდარულ დღეში უნდა წარადგინოს.
„მზესუმზირის ზეთის მოცულობა, რომელზეც გარეეკონომიკური საქმიანობის სუბიექტისთვის ლიცენზია გაიცემა, არ უნდა აღემატებოდეს 2020 წელს ამავე სუბიექტის მიერ განხორციელებული ექსპორტის მოცულობის 20%-ს; გარდა იმ განმცხადებლებისა, რომლებმაც განაცხადის წარდგენამდე 4 თვის განმავლობაში შიდა ბაზარზე თვეში არანაკლებ 5 ათასი ტონა დაფასოებული მზესუმზირის ზეთის გაყიდვები განახორციელეს,“ - წერია დოკუმენტში.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ