,,შეზღუდვების კიდევ ერთი ტალღა ბიზნესის მასობრივ გაკოტრებას გამოიწვევს“-,,საბა“

ახლა ვართ ძალების აღდგენის რეჟიმში და თუ გაჩერება კიდევ მოგვიწია, კატასტროფის ტოლფასი იქნება“, - ამის შესახებ სავაჭრო ცენტი ,,საბას“ დირექტორმა პაატა კაჭარავამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში მუშაობა ისწავლეს.

,,პანდემიის მეორე ტალღის დროს რამდენიმე თვე გაჩერებული ვიყავით. ახლა ხალხი მესამე ტალღის შეზღუდვების მოლოდინშია და ამიტომ, მომხმარებლის კლებას არ ვუჩივით. ხალხი ცდილობს მოასწროს ავეჯის შეძენა.

ზუსტად არ ვიცით 4-11 მაისის შემთხვევაში ვიქნებით თუ არა ვალდებული დავისვენოთ უქმე დღეები გამო, რადგან მაგალითად, 9 აპრილს დასვენების დღე იყო, მაგრამ ჩვენ ვმუშაობდით ჩვეულებრივ. ჯერ ბუნდოვანია, რა იქნება. ალბათ, მთავრობის გადაწყვეტილება მაინც ეპიდ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული, შეგვეძლება თუ არა ვიმუშაოთ ამ დროს. აქვე, ცალსახად მინდა ვთქვა, რომ თუ რამე ობიექტი შეიძლება იყოს ღია, შეიძლება იყოს ჩვენიც. ჩვენთან უსაფრთხოება ყველა სტადარტზე მაღლაა დაცული. ბევრად მეტი გავაკეთეთ, ვიდრე იყო მოთხოვნა. ნაკადების მართვის გარდა, ხდება ჰაერის დეზინფექცია, ავტომატურ რეჟიმში ჭკვიანი კამერებით კონტროლი, ულტრაიისფერი სხივებით ჰაერის გაფილტვრა და ა.შ. შედეგიც გვაქვს, რომ არცერთ ეტაპზე ჩვენთან მასობრივ გავრცელებას ადგილიც არ ჰქონია“- განაცხადა კაჭრავამ.

მისივე თქმით, თუ მესამე ტალღის გამო შეზღუდვების კიდევ ერთი ტალღა გარდაუვალი იქნება, ეს ბევრი ბიზნესის გაკოტრებას გამოიწვევს.

,,მთავრობისგან არ მიგვიღია არავითარი დახმარება. ვითხოვდით, რომ ქონების გადასახადზე გაეწიათ შეღავათი, თუმცა ესეც ვერ მივიღეთ. ჩვენ, ჩვენის მხრივ ვეხმარებით მოიჯარეებს იმით, რომ როცა ცენტრი გაჩერებულია, ისინი არ იხდიან გადასახადს. ამან მისცათ საშუალება, რომ არ დაეხურათ საკუთარი მაღაზიები.

ზარალს, რომელიც წინა ლოქდაუნების დროს უკვე მივიღეთ, ვეღარაფერი აანაზღაურებს. ახლა ვართ ძალების აღდგენის რეჟიმში და თუ გაჩერება კიდევ მოგვიწია კატასტროფის ტოლ-ფასი იქნება. ბიზნესის მასობრივ გაკოტრებას გამოიწვევს“, - აცხადებს პაატა კაჭარავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი