Wizz Air ფრენებს ეტაპობრივად ზაფხულის ბოლოსთვის აღადგენს

დღეს გავრცელებულ განცხადებაში უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air პროგნოზირებს, რომ ზაფხულის ბოლომდე ფრენებს ნელ-ნელა აღადგენს, რადგან ტურისტული სექტორი პანდემიური შეზღუდვების მეორე სეზონს იწყებს. ავიაკომპანიაში მიიჩნევენ, რომ ტურიზმის აღდგენის ტემპი მოიმატებს, რადგან ვაქცინაციის ეროვნულმა პროგრამებმა ავიაკომპანიის მთავარ ბაზარზე - უნგრეთში, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთსა და იტალიაში პროგრესს მიაღწიეს.

თუმცა ბრიტანეთის მთავრობამ წინა პარასკევს ავიაკომპანიებსა და მოქალაქეებსაც იმედები გაუცრუა, როცა არც მოგზაურობის აღდგენის ზუსტი თარიღი და არც მწვანე სიაში შესული ქვეყნები არ დაასახელა. გაურკვევლობის მიუხედავად, კონკურენტმა ავიაკომპანიებმა easyJet-მა და British Airways-მა გუშინ ოპტიმისტური განცხადება გაავრცელეს, რომ რეისების აღდგენის ყველაზე ადრეული თარიღი 17 მაისია. შექმნილი გაურკვევლობის გამო Wizz Air ახალი ფინანსური წლის ფინანსურ პროგნოზს ვერ აკეთებს.

„ახალი ფინანსური წელი დაიწყო და 2022 წლის 31 მარტს დასრულდება. ამ წლის დასაწყისიც ჩვენს რეგიონში მგზავრობების შეზღუდვით იქნება გამორჩეული და ფრენების ეტაპობრივ აღდგენას მხოლოდ 2021 წლის ზაფხულის ბოლოსთვის ველოდებით,“ - ნათქვამია Wizz Air-ის განცხადებაში.

ბოლო 12 თვის განმავლობაში, 2021 წლის მარტის ბოლომდე Wizz Air-მა 475 მილიონიდან 495 მილიონ ევრომდე იზარალა. ამის შესახებ ანგარიშს ავიაკომპანია 2 ივნისს გამოაქვეყნებს. Wizz Air, რომელიც ფინანსური მხრივ ევროპაში ერთ-ერთი ძლიერი ავიაკომპანიაა, აცხადებს, რომ წლის ბოლოსთვის ბიუჯეტში მთლიანობაში 1,615 მლრდ ევრო ჰქონდა. ეს ავიაკომპანიას ფრენების გარეშე წლობით არსებობის საშუალებას აძლევს. მარტის დასასრულამდე 3 თვის განმავლობაში Wizz Air-მა 87 მლნ ევრო „დაწვა“ და განაცხადა, რომ ხარჯების შემცირებას განაგრძობს. ცოტა ხნის წინათ ავიაკომპანიაში ფრენების ოპერაციების ხელმძღვანელი შეიცვალა. ეს გამოძების შედეგად მოხდა, რომელიც ამ ხელმძღვანელი პირის მიერ პანდემიის საწყის ეტაპზე შტატების შემცირებას ეხებოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ