Samsung-მა თვალით მართვადი მაუსი გამოუშვა

სამხრეთკორეულმა კონცერნმა Samsung Electronics კომპიუტერის მეორე თაობის მაუსი EYECAN+ გამოუშვა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მაუსის თვალებით მართვის საშუალებას მისცემს.

Samsung Electronics-ის ახალი პროდუქტი მონიტორზე იქნება მიმაგრებული და მხოლოდ და მხოლოდ მფლობელის თვალების ”ბრძანებას” დაემორჩილება. EYECAN+ის ინტერფეისის მენიუ 18 სხვადასხვა ”ბრძანებისგან” შედგება, რომლის არჩევაც მომხმარებელს მასზე მზერის მიტანითა და თვალის დახამხამებით შეეძლება. მენიუ ითვალისწინების ისეთი ”ბრძანებების” შესრულებას, როგორიცაა ტექსტის კოპირება, ჩასმა, ტექსტის მასშტაბის გაზრდა და ასე შემდეგ.

”მაუსის შექმნა EYECAN+ის ტექნოლოგიით ჩვენი ინჟინრების მიერ საკუთარი ინიციატივით შექმნილი პროექტის შედეგად გადაწყდა. მათ უნდოდათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი ყოფილიყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის”, - აღნიშნა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა სი ჩჟონ ჩომ.

EYECAN+ის ტექნოლოგიით დამზადებული მაუსის გამოყენებისას მომხმარებელი მონიტორიდან 60-70 სმ-ის დაშორებით უნდა იმყოფებოდეს, თუმცა არა რომელიმე კონკრეტულ პოზაში - ”სამსუნგ ელექტრონიქსის” ახალი მოწყობილობისთვის ბრძანების გაცემა მომხმარებელს როგორც ჯდომით, ასევე წოლით მდგომარეობაში შეუძლია.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ”თვალის მაუსის” შექმნა არ ატარებს კომერციულ ხასიათს. Sumsung-ი EYECAN+ის მოწყობილობებს შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს და საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცემს. თუმცა ახლო მომავალში კომპანია გეგმავს EYECAN+ის ტექნოლოგიისა და დიზაინის საჯაროდ გამოფენას, რათა მსურველებს გაყიდვის მიზნით მათი შეძენის საშუალება მიეცეთ.

პირველი EYECAN სამხრეთკორეულმა კონცერნმა 2012 წელს გამოუშვა. თუმცა, წინამორბედთან შედარებით EYECAN+-ს გაცილებით გაუმჯობესებული მონაცემები აქვს. აღსანიშნავია, რომ EYECAN-ის შექმნაზე მუშაობდა სეულის იონსეის უნივერსიტეტის ასპირანტი კომპიუტერული მეცნიერების დარგში ჰიუნ-ჯინ შინი, რომელიც დაბადებიდან პარალიზებულია.