"საფლავზე მხოლოდ სანთელი ავანთოთ და წითელი კვერცხი გავაგოროთ, ნუ გავმართავთ სუფრებს, ქეიფებს"

ძალიან მოკრძალებულად უნდა ვეცადოთ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა. აღდგომის შემდგომ, ბრწყინვალე შვიდეულში, საფლავზე მხოლოდ სანთელი ავანთოთ და წითელი კვერცხი გავაგოროთ, ნუ გავმართავთ სუფრებს, ქეიფებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გორში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძემ 5 მთავარი ფაქტორიც დაასახელა, რის საფუძველზეც პანდემიის დაძლევაა შესაძლებელი.

„ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პანდემიის დაძლევაში მხოლოდ ეს ხუთი საშუალება დაგვეხმარება: პირველი - ეს არის პირბადის უნივერსალური ტარება ყველგან - ღია თუ დახურულ სივრცეში; მეორე - დისტანციის დაცვა; მესამე - სანიტარული წესრიგის დაცვა ყველგან; მეოთხე ძალიან მთავარი და სპეციფიური ჩვენთვის - დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება, ყველანაირი საბედნიერო და სამწუხარო სუფრების გამართვა უნდა გადავდოთ გვერდზე. მოგეხსენებათ, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ყველაზე დიდი დღესასწაული - აღდგომა ახლოვდება. ამიტომ, ძალიან მოკრძალებულად უნდა ვეცადოთ ამ დღესასწაულის აღნიშვნას. აღდგომის შემდგომ, ბრწყინვალე შვიდეულში, საფლავზე მხოლოდ სანთელი ავანთოთ და წითელი კვერცხი გავაგოროთ, ნუ გავმართავთ სუფრებს, ქეიფებს. რაც შეეხება მეხუთე საშუალებას, რომელიც დღეს მთავარი თემაა - ეს არის აცრების პროცესის ინტენსიფიკაცია. ამ ეტაპზე, ქვეყანაში, დღეში მხოლოდ 1400 აცრა კეთდება, რაც ძალიან ცოტაა. ეს რიცხვი, სულ მცირე, 3 000-4 000-ს მაინც უნდა შეადგენდეს. ივლისიდან კი, უნდა გვქონდეს 10 000 -12 000 ათასი აცრა დღეში, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ წლის ბოლოს, დავამარცხოთ ეპიდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.