Pepsi მეორე კვარტალში ფსონს რესტორნულ გაყიდვებზე დებს

კომპანია PepsiCo მეორე კვარტალში ორგანული შემოსავლების სწრაფ ზრდას მოელის. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. PepsiCo ფსონს რესტორნულ გაყიდვებზე დებს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ სწრაფი ვაქცინაციის შემდეგ რესტორნები თანდათან გაიხსნებიან, სადაც გაზიანი სასმელების გაყიდვები მოიმატებს.

PepsiCo-ს „პანდემიის გამარჯვებულსაც“ უწოდებენ, რადგან პანდემიის პირობებში შინაური მომხმარებლები თავიანთ საწყობებს მარილიანი ჩიპსებითა და გაზიანი სასმელებით ავსებდნენ, რის გამოც კომპანიამ დიდი მოგება ნახა. პირველი კვარტლის შემოსავლებმა უოლ-სტრიტის მოლოდინსაც გადააჭარბა.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ვაქციანაციის ძალისხმევა დაჩქარდება, ხოლო მოსახლეობის მობილობა გაუმჯობესდება. მოგზაურობის, გართობის, განათლების ტენდენციების გაძლიერება საზოგადოებრივი კვების ქსელს სარგებელს მოუტანს“, - აცხადებს კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი რამონ ლაგუარტა.

PepsiCo-ში მოელიან, რომ თავის უდიდეს, ჩრდილოამერიკის ბაზარზე სასმელების ბიზნესი მეორე კვარტალშიც კარგ შედეგებს აჩვენებს, ხოლო საკვები განყოფილება სტაბილურობას შეინარჩუნებს. აშშ-ში კომპანიის საკვები განყოფილება Frito-Lay-ის გაყიდვები 20 მარტს დასრულებულ პირველ კვარტალში 4%-ით, გაზიანი და სხვა სასმელების გაყიდვები კი 5%-ით გაიზარდა.

PepsiCo-ს წმინდა შემოსავალი 6,8%-ით, 14,82 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაც საშუალო მაჩვენებელზე მეტია. კომპანიის წმინდა მოგება შარშანდელი 1,34 მლრდ დოლარიდან 1,71 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო თითო აქციაზე ფასმა შარშანდელი 0,96 ცენტიდან 1,24 დოლარამდე მოიმატა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ