თებერვალ-მარტში დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 77 ფაქტი გამოავლინეს, დაკავებულია 44 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2021 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 77 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 79 პირი, რომელთა შორის 44 დაკავებულია.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 106 532 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 446 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.