მცენარეული ზეთის ექსპორტზე კვოტები რუსეთის შემდეგ შესაძლოა, უკრაინამაც დაწესოს.
ქვეყანაში აღნიშნული საკითხი უკვე აქტიურად განიხილება. მართალია, უკრაინულ ზეთს ქართულ ბაზარზე არც ისე დიდი წილი უკავია, თუმცა ექსპორტის გამკაცრება ცხადია, ფასზე ნეგატიურად აისახება.
აღსანიშნავია, რომ წელს ადგილობრივ ბაზარზე უკრაინული ზეთის იმპორტი 63,2%-ით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ უკრაინიდან 159.3 ტონა (159.2 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 259.8 ტონამდე (362.6 ათასი აშშ დოლარი) გაზარდა.
რაც შეეხება ზეთის იმპორტის მთლიან მაჩვენებელს, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 3,925 ტონა (3,454 ათასი აშშ დოლარი) ზეთი შეიძინა, საიდანაც 4% უკრაინაზე მოდიოდა. ხოლო,2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 4,211 ტონა (5,598 ათასი აშშ დოლარი), საიდანაც უკრაინას 6%-ანი წილი ერგო.
აღსანიშნავია, რომ უკრაინული ზეთის იმპორტი იზრდება იმ ფონზე, როდესაც უკრაინის მთავრობის ზოგიერთ წევრს მზესუმზირისა და ზეთის ექსპორტის შეზღუდვა კვოტების შემოღების დაწესება სურს. ეს მაშინ, როდესაც უკრაინა მზესუმზირის ზეთის ექსპორტით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და მასზე კვოტის დაწესება ქვეყანას 3 მლრდ დოლარს დააკარგვინებს. უკრაინის მარცვლეულის ასოციაციის განცხადებით, ფერმერები მის მოყვანაზე უარს იტყვიან და ზეთის ფასები არნახულად გაიზრდება.