JPMorgan კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში 2,5 ტრილიონ დოლარს დახარჯავს

ამერიკული ბანკი JPMorgan Chase & Co მომდევნო 10 წელიწადში კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლაში ინიციატივებისთვის და მდგრადი განვითარებისთვის 2,5 ტრილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს. აქედან, დაახლოებით, 1 ტრილიონი დოლარი მოხმარდება პროექტებს, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა, ქარის და მზის ენერგიის გამომუშავებაზე იქნება ორიენტირებული.

გარდა ამისა, ბანკი გეგმავს, დააფინანსოს ტრანზაქციები, რომლებიც ხელს შეუწყობს განვითარებადი ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესს. დაფინანსდება ისეთი ინიციატივებიც, რომლებიც განვითარებულ ბაზრებში მოსახლეობის ეკონომიკურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, ხელმისაწვდომს გახდის ჯანდაცვასა და საცხოვრებლის მიღებას.

„კლიმატის ცვლილება და უთანასწორობა ჩვენი დროის ყველაზე დიდი გამოწვევაა და ჩვენ ვაპირებთ, საკუთარი წვლილი შევიტანოთ მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში, რომელიც, თავის მხრივ, პლანეტის ეკოლოგიზაციის საწინდარი იქნება,“ - განაცხადა JPMorgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა.

მან კომპანიებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ პოლიტიკოსებისა და ხელისუფალთა ინიციატივებს, რომლებიც დაბალი ემისიების ეკონომიკაზე გადასვლას შეუწყობს ხელს.

კოკა კვირკველია