კობა გვენეტაძის განცხადებით, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა და საქართველოში ეკონომიკის ვარდნა დაფიქსირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმზე დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა უაღრესად დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა და საქართველოში ისევე, როგორც გლობალურად, ეკონომიკის ვარდნა დაფიქსირდა.

კობა გვენეტაძის თქმით, სწორედ ამ პირობებში ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა, რომელსაც ქვეყანამ თავი წარმატებით გაართვა.

„პანდემიამ საქართველოს ეკონომიკა, ისევე როგორც მსოფლიოს, ძალიან დააზიანა, გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა შემოსავლები, დაზარალდა ბიზნესი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიამდე ეკონომიკური გუნდის მიერ სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ მატერიალურ-ფინანსური დახმარება უსწრაფესად მიიღო. სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებით, სწრაფი ვაქცინაციით, კრიზისის დაძლევა აბსოლუტურად შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისი შეფასებით, წლების განმავლობაში განხორციელებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა წარმატებული იყო.

„ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ რამდენიმე შოკი გაიარა. წლების განმავლობაში განხორციელებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა წარმატებული იყო და ზუსტად ამის საზომია დაბალი საპროცენტო განაკვეთი. ცხადია, ამ შედეგში წვლილი საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნებამაც შეიტანა. რაც საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა როგორც პანდემიამდე, ისევე პანდემიის და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, საგარეო რისკების ზრდის მიუხედავად, თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარებით მიაღწია“, - განაცხადა გვენეტაძემ.