თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა დაამტკიცა საკანონმდებლო ინიციატივა ფინანსური ანგარიშსწორების დროს, პირდაპირი და შუამავლების მეშვეობით, კრიპტოვალუტის გამოყენების აკრძალვის შესახებ. შესაბამისი მარეგულირებელი წესი სამთავრობო მაცნე Resmî Gazete-ში გამოქვეყნდა.
აკრძალვა 30 აპრილიდან შედის ძალაში. ის შეეხება ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მხრიდან ნებისმიერ ოპერაციას, რომელიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტასთან.
შესაბამისად, 30 აპრილიდან თურქეთის რესპუბლიკაში მომსახურებისა და ნებისმიერი შენაძენის გასაკეთებლად კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება აიკრძალება.
თურქეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტით განხორციელებულ შეთანხმებებს არ მოემსახურება, არ დაარეგულირებს და მასზე გარანტიებს არ გასცემს. ბანკი აცხადებს, რომ ასეთი ტრანზაქციები მომლაპარაკებელი მხარეებისთვის სერიოზული რისკის შემცველია განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ოფიციალური მარეგულირებელი სამსახურის არ აკონტროლებს.
ჯერჯერობით უცნობია, შეეხება თუ არა აკრძალვა კერძო ბანკებსა და თავად ეროვნულ ბანკს, რადგან ამის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა.