ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 63%-ით გაიზარდა

Bloomberg-ის ცნობით, გასულ თვეში ევროპის ბაზარზე ავტომობილების გაყიდვებმა მკვეთრად მოიმატა, რაც ერთი წლის წინათ მეტად დაბალი დონით გამოირჩეოდა. გაყიდვების ზრდამ წლის ცუდი დასაწყისი გადაფარა.

მიუხედავად იმისა, რომ წამყვან ბაზრებზე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ისევ ძალაშია, მარტში ავტომობილების გაყიდვები 63%-ით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციამ დღეს გაავრცელა. მისი ცნობით, ამ მატებამ გაყიდვების კლების ნიველირება მოახდინა, რაც წლის დასაწყისში შეინიშნებოდა. შედეგად, პირველ კვარტალში ევროპის ბაზარზე ავტომობილების გაყიდვები 0,9%-ით გაიზარდა. მეტიც, მარტის გაყიდვებმა პანდემიამდელ დონესაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ევროპაში სულ 1,39 მლნ ავტომობილი გაიყიდა, რაც 2019 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ევროპაში ავტომობილების ყოველთვიურმა გაყიდვებმა თავის მაქსიმუმს 2019 წლის შუა პერიოდში მიაღწია. წლევანდელი მარტის მონაცემები ავტოსამრეწველო დარგის დიდი ხნის მოლოდინის მოვლენაა მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში ევროპის ბაზარი ჩინეთის აღდგენილ ბაზარს მეტად ჩამორჩებოდა. ბაზრის სრულყოფილად აღდგენას ხელს უშლის ნახევრადგამტარი ჩიპების გლობალური დეფიციტიც, რაც მეტად აფერხებს ისეთ ავტოკონცერნებს, როგორიცაა Volkswagen, Stellantis და Renault.

„სხვადასხვა კატეგორიის ნახევრადგამტარი ჩიპების მიწოდებაზე კრიტიკული მდგომარეობაა, რაც დღეისთვის გაყიდვების მატებას ძლიერ ზღუდავს,“ - აცხადებს Volkswagen-ის გენერალური დირექტორი ჰერბერტ დისი.

იტალიაში, სადაც ვირუსის პირველი ეპიდემიის ეპიცენტრი იყო, მარტში ავტომობილების გაყიდვები 500%-ით გაიზარდა, მაგრამ 2019 წლის 12%-იან დონესაც ვერ მიაღწია, რისი მიზეზიც ვირუსის შემაკავებელი ზომებით გამოწვეული დაბალი ეკონომიკური აქტივობაა. ავტომწარმოებლები შეზღუდვებს გაყიდვების ონლაინ-რეჟიმში გადატანით ებრძვიან, აგრეთვე, იყენებენ სახელმწიფო სუბსიდიებს ელექტრომობილების წარმოებისთვის.

ექსპერტების პროგნოზით, ევროპის კონტინენტზე ავტომობილების გაყიდვების ზრდის პერსპექტივა, ძირითადად, ვაქცინაციის პროგრამაზეა დამოკიდებული, რომელიც ნელა დაიწყო, მაგრამ თანდათან დაჩქარდა.

ევროპის 5 ძირითადი ბაზრიდან პირველ კვარტალში გაყიდვებმა იტალიაში 29%-ით, საფრანგეთში კი 21%-ით მოიმატა. ესპანეთში გაყიდვებმა 15%-ით მოიკლო, დიდ ბრიტანეთში კი - 12%-ით. გერმანიაში კლების მაჩვენებელი 6,4%-ია. პირველი კვარტლის განმავლობაში დარგში ისტორიული კონსოლიდაცია მოხდა: ფრანგული PSA Group-ი იტალიურ-ამერიკულ ავტომწარმოებელ Fiat Chrysler-თან გაერთიანდა და Stellantis-ი დააფუძნა. პირველ კვარტალში გაყიდული ავტომობილებიდან 47% სწორედ Stellantis-ისა და Volkswagen-ის მოდელები იყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ