"ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვის პრობლემა დღეს არ დგას, მაგრამ შემთხვევების ამგვარი მატება თუ იქნება, კოვიდ კლინიკების გაფართოების გეგმა გვაქვს"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვის პრობლემა არ დგას.

როგორც გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მატება ამ ტემპით გაგრძელდა, კლინიკების გაფართოების და საწოლების მობილიზების გეგმა აქვთ.

„პრობლემა დღეს ნამდვილად არ დგას ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვის, მაგრამ შემთხვევების ამგვარი მატება თუ იქნება, ბუნებრივია ჩვენ გვაქვს გეგმა კოვიდ კლინიკების გაფართოების.

დღევანდელი მდგომარეობით 4500-მდე საწოლია მობილიზებული ჯანდაცვის სექტორში, აქედან 2500- ზე მეტი უკვე დაკავებულია, 2000-მდე კი თავისუფალია, მაგრამ თუ ასეთი ტენდეციით გაგრძელდა შემთხვევების მატება, რა თქმა უნდა, მეტი იქნება საჭირო და ამაზე მუშაობა მიდის“ , - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ შეზღუდვებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით „ლოქდაუნზე“ და გაფართოებულ შეზღუდვებზე მსჯელობა არ არის.

„რაც შეეხება შეზღუდვების განხილვას, დღეს რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ისევ და ისევ აქტიური ტესტირების რეჟიმში პრევენციული ღონისძიებების კიდევ უფრო მეტად გამკაცრება და გაფართოება, რათა შევძლოთ ის, რომ შეზღუდვებს არ დავუბრუნდეთ.

დღეს განიხილება აქტიური ტესტირების პროგრამის გაფართოება მაღალი რისკის ჯგუფებში, ეს არის დღეს ჩვენი ფოკუსი, თუმცა თუ შემთხვევების რაოდენობა დრამატულად გაიზრდება, შემდეგ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების თემაზე ისევ მსჯელობა.

დღევანდელი მდგომარეობით ტოტალურ „ლოქდაუნზე“ და გაფართოებულ შეზღუდვებზე საუბარი არ არის. ჩვენთვის მთავარი აქცენტი არის ის, რომ თავიდან ავიცილოთ „ლოქდაუნამდე“ მიმავალი გართულებები“, - განაცხადა გაბუნიამ.