გაზრდილმა ექსპორტმა ცხვარი 50-100 ლარით გააძვირა - „მეცხვარეთა ასოციაცია“

საქართველოდან ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა. ამან კი, როგორც „მეცხვარეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი აცხადებს, ადგილობრივ ბაზარზე წვრილფეხა პირუქტყი გააძვირა. მისი თქმით, შედეგად ერთ სულ ცხვარზე ფასი 50-100-ლარით გაიზრდა.

,,ზოგადად, წლის დასაწყისში საქართველოში მინიმუმ 30-40 ათასი სული ცხვარი იყო დარჩენილი გასაყიდი. ამან შექმნა პრობლემა და ზამთარში გაზრდილი რაოდენობის ცხვრების გამოსაკვებად საძოვრები საკმარისი უბრალოდ არ იყო. გასულ წელს, პანდემიის გამო მეტ-ნაკლებად მაინც ვერ ხდებოდა რეალიზაცია სათანადოდ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ დაგროვდა და დარჩა გაუყიდავი პირუტყვი. ამის ასახვაა ბოლო პერიოდში ძალიან დიდი ოდენობით ცხვრის გაყვანა.

ამას ემატება ისიც, რომ ახლა მუსლიმურ ქვეყნებში დღესასწაულებია და ამ დროს მოთხოვნა მუდმივად საკმაოდ დიდია“, - განაცხადა გონაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე ფასებს, მისი თქმით, დღეს ცოცხალი ცხვრის ღირებულებამ 50-100 ლარით მოიმატა: „გასული წლის ოქტომბერ- ნოემბრის ფასებს თუ შევადარებთ, 1 სულზე ფასმა 50-დან 100-ლარამდე მოიმატა. ზოგადად, ცხვრის ფასსაც და ექსპორტსაც ახასიათებს სეზონურობა. როცა მეტი გაჰყავთ ბაზარზე დეფიციტი იქმნება და ფასი იმატებს“-განაცხადა გონაშვილმა.

ცნობისთვის, 2021 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოდან ცოცხალი თხებისა და ცხვრების ექსპორტი 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ 2020 წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან 156 ათასი აშშ დოლარის 58.3 ტონა ცოცხალი ცხვრისა და თხის ექსპორტი განხორციელდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან 2,458 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 893.9 ტონა ცოცხალი თხა და ცხვარი გავიდა.

თამარ მუკბანიანი