ჩირის მწარმოებელი კომპანია „ჩიკორი“ ექსპორტს ზრდის

ჩირის მწარმოებელი კომპანია „ჩიკორი“ ექსპორტს ზრდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, „ჩიკორის“ ჩირი ადგილობრივ ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა და იმავე წელს გავიდა ექსპორტზე.

„ჩიკორის“ გენერალური დირექტორის ანანო ბეჟანიშვილის განცხადებით, კომპანიას, 2021 წელს, ექსპორტის 50%-იანი ზრდა აქვს დაგეგმილი. პროდუქციის ექსპორტი კი ხორციელდება ლიეტუვაში, ჩინეთში, იაპონიაში, ჩეხეთსა და ისრაელში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ სამომავლო გეგმებში ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებაა. მათივე ინფორმაციით, „კავკასუს ორგანიკ ფრუტსმა“ ჩირის ექსპორტი 20-30%-ით გაზარდა

„ჩვენი წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ნიდერლანდებში, გერმანიაში, ჩეხეთსა და რუსეთის ფედერაციაში გადის. შეკვეთების რაოდენობა გაზრდილია 20-30%-ით. ექსპორტის ზრდის მოლოდინი გვაქვს ივნისიდან, რადგან აქტიური პერიოდი სწორედ ზაფხულში გვეწყება. ამასთანავე, წინასწარი შეკვეთებიც მიღებული გვაქვს“, - განაცხადა „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ წარმომადგენელმა, სალომე ალანიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ ხილის გადამმუშავებელი საწარმო სახელმწიფო ფინანსური მხრადაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში შეიქმნა. საწარმოში განხორციელებულმა სრულმა ინვესტიციამ 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი 500,000 ლარს, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 1 მლნ ლარს აჭარბებს. საწარმოს წარმადობა 120 ტონა ხილის გადამუშავებაა.