"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები მიზანმიმართულად მუშაობს, რაც უკვე სწორი მიდგომაა"

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ხორბლის წარმოებამ 101.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0.6% აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაზრდილია სიმინდის წარმოებაც.

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბლის წარმოების ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ცოდნა, აგრონომიული ტექნოლოგია, ფულადსახსრებზე ხელმისაწვდომობა და დაზღვევა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები მიზანმიმართულად მუშაობს, რაც უკვე სწორი მიდგომაა. ფერმერებს ასწავლიან, როგორ უნდა მოუარონ მოსავალს და რა ღონისძიებები ჩაატარონ იმისათვის, რომ ხარისხიანი და უხვი მოსავალი მიიღონ“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.