„ისეთ ციფრებს დებენ, გეგონება ციდან ჩამოვარდა ისევ ეს კორონა“

„ისეთ ციფრებს დებენ, გეგონება ციდან ჩამოვარდა ისევ ეს კორონა,“-ასე გამოეხმაურა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ რესტორან „ჩვენის“ დამფუძნებელი გურამ ბაღდოშვილი, კორონავირუსის ბოლოდროინდელ მზარდ სტატისტიკას.

„ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით, შიშის გამო, უარი რომ თქვა ბევრმა, ვადა გასდის ვაქცინას და ჩემი აზრით, გაბერილია ეს ციფრები. ისეთ ციფრებს დებენ, 1 300-1400 შემთხვევაო, გეგონება ციდან ჩამოვარდა ისევ ეს კორონა. პრობლემა გვაქვს ერთი - კომენდანტის საათი, ეს არის პირველი მტერი კოვიდის პირობებში. იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავს ფუტკრის სკას ან ჭიანჭველების ბუდეს, რადგან ადამიანები ერთი-მეორეზე გადადიან და ფაქტობრივად, თავზე აზიან ერთმანეთს. ტრანსპორტი არის ბუდე და კიდევ ის ივენთები, რომელიც იმართება. ჩვენ რატო გვაბრალებენ, რატომ გვნახეს დაბალი ღობე?! ეს არის სექტორი, რომელიც თავისით შეიქმნა, გაიზარდა. მესამე ტალღას არავინ შეარჩენს ამათ. მე პირადად არ შევარჩენ ეპიდემიოლოგებს, თუ მოხდა ეგეთი რამე და მესამე ტალღაზე ჩაგვკეტეს,“-განაცხადა ბაღდოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის აზრით, კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდი წყარო რესტორნებია.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწორედ რესტორნებში არის ყველაზე ნაკლებად დაცული მოთხოვნები და ისინი ყველაზე მეტად არღვევენ პირობებს, რომლებიც მათი გახსნისას დაწესდა. ამირან გამყრელიძე მინისტრის მოსაზრებას ეთანხმება და აცხადებს, რომ რესტორნები კორონავირუსის გავრცელების საკითხში ერთ-ერთი მთავარი "ბუსტერია".

თაია არდოტელი