Reuters-ი მასალებზე ფასიან წვდომას აწესებს

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ახალი ამბების სააგენტო Reuters-ი, აპირებს საკუთარ მასალებზე ფასიანი ხელმოწერის სერვისი შემოიღოს. ახალი სტრატეგიის თანახმად, კომპანია აპირებს საკუთარი თავის პოზიციონირებას - როგორც პროფესიონალური აუდიტორიის პლატფორმა, რომელსაც სურს საქმიანი და ფინანსური ინფორმაციების მიღება.

Reuters-მა ახალ ვებ-გვერდს ათწლეულის უმსხვილესი ტრანსფორმაცია უწოდა. შედეგად კომპანია გეგმავს ახალი აუდიტორიის მიმხრობას, რომელიც მზად იქნება ექსკლუზიური და დარგობრივი ანალიტიკური მასალებისთვის ფული გადაიხადოს. მათ შორის იქნება იურისპრუდენცია, მდგრადი განვითარება, ჯანდაცვა და საავტომობილო ბაზარი.

ამასთან, საიტი უფლებას მისცემს მომხმარებელს ხუთ თემამდე უფასოდ ნახოს, თუმცა, ლიმიტის გადასალახად საჭირო იქნება ხელმოწერის გაფორმება, რომლის ფასი თვეში 34,99 დოლარია. შედარებისთვის, ამდენივე ღირს Bloomberg-ის ფასიანი სერვისი, ხოლო The Wall Street Journal-ის თვიური გადასახდელი - 38,99 დოლარია.

Reuters-ი როგორც სხვა ცნობილი სააგენტოები - France Press-ი, Bloomberg-ი, Associated Press-ი, აქამდეც ყიდდა საკუთარ ინფორმაციებს სხვა გამოცემებზე, თუმცა, საიტზე ფასიანი ხელმოწერა არ ჰქონდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მისი შემოსავლების ნახევარი მოდის უმსხვილეს კლიენტთან Refinitiv-თან თანამშრომლობაზე. გარდა ამისა, კომპანია მოგებას ნახულობს სარეკლამო შემოსავლებიდანაც - საიტს ყოველთვიურად 41 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს.

კოკა კვირკველია