რა არის ,,ტილისკვერი", რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი ინტერესი გამოიწვია

ქართულ ბაზარზე, ახალი ქართული ნაწარმი გამოჩნდა -„ტილისკვერის“ სახელით. პროდუტი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ მცირე რაოდენობით იწარმოება, ონლაინ იყიდება. ამ ეტაპზე ონლაინ მაღაზია მხოლოდ ტყლაპებს ყიდის, რომელის დიდი ნაწილსაც უცხოეთში მცხოვრები ქართველები ყიდულობენ.

,,ტილისკვერის“ შემქმნელი თამუნა ქაჯაია ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ პროდუქციას ჯერ ძალიან მცირე ოდენობით აწარმოებს.

,, სახელი ტილისკვერი მეგრულად ნიშნავს -ტკბილისკვერს. ერთად იკითხება და იმდენად ორგანულია ჩემთვის, რომ პარაზიტთან ნამდვილად არ ასოცირდება. ჩემს ნაწარმსაც იმიტომ დავარქვი, რომ ძალიან მომწონს, თუმცა სოციალურ ქსელში ბევრი კითხვა გაჩნდა და ძალიან ბევრი წერილი მომდის, აპროტესტებენ - რატომ ჰქვია პროდუქტს ტილისკვერი. ეს სიტყვა, ერთად იწერება და იკითხება და ნამდვილად არავითარი საერთო არ აქვს პარაზიტთან.

იდეა, რომ ტყლაპის რეალიზაცია მომეხდინა, პანდემიის დროს გაჩნდა. მაქვს მცირე რაოდენობით და მხოლოდ სეზონური ხილით. არ ვაკეთებ იმდენს, რომ მარაგები მქონდეს. პროდუქცია არის აბსოლუტურად სუფთა ყოველგვარი მინარევების გარეშე, მეტიც სახეობების დიდ უმრავლესობას არ აქვს შაქარიც კი დამატებული. რეალურად ეს არის ის, რასაც წლების წინ ჩემი შვილებისათვის ვეძებდი და ბაზარზე ამ ხარისხს ვერ ვპოულობდი.

ძალიან ბევრ კულინარიულ ჯგუფში ვარ გაწევრიანებული და როცა რამეს ვაკეთებდი, ყოველთვის ვდებდი ხოლმე. სულ დიდ მოწონებას იმსახურებდა და ყველა მეკითხებოდა, ხომ არ ვყიდდი. ასე გაჩნდა იდეა, რომ შემეძლო რეალიზაცია გამეკეთებინა ჩემი ნაწარმისთვის. სამი წელია რაც აქტიურად ვაკეთებ და ამ დროის განმავლობაში ბევრი ვტესტე და ვაკეთე, საბოლოოდ კი აქამდე მოვედი და დავიწყე ტყლაპების გაკეთება. ახლა მცირე რაოდენობით, თუმცა ინტერნეტით ვახდენ რეალიზაციას. ინტერესი საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით კი ემიგრანტებისაგან და ვგზავნი უცხოეთში“, -განაცხადა თამუნა ქაჯაიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი